ახალი ამბებისაზოგადოება

ტელეიმედი არ განმარტავს შალვა რამიშვილის კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზს

8 აპრილი, 2016 • 1619
ტელეიმედი არ განმარტავს შალვა რამიშვილის კომპანიასთან  კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზს

ტელეკომპანია “იმედმა” 7 აპრილს განაცხადა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა.

თუმცა “იმედი” იუწყება, რომ ”იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისათვის” ამზადებდა, არხი “ინარჩუნებს” და აპირებს “შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან” თანამშრომლობის გაგრძელებას.

“ტელეიმედს” ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს. ისევე, როგორც არ დაუსახელებია კონტრაქტორი კომპანია.

თუმცა საუბარია 2015 წელს დაფუძნებულ შპს “აკორდზე”, რომლის დირექტორი და 33.3 % წილის მფლობელი შალვა რამიშვილია.

შალვა რამიშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ კომპანიამ, რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში” და სერიალს “2 გოგოს” [რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა] და ასევე უზრუნველყოფს რამიშვილის მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში”, “იმედისაგან” მიიღო წერილი, რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია.

რამიშვილმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის “ტელეიმედს” მიზეზები არ აუხსნია. მან  7 აპრილს ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, „იმედს“ არც რამიშვილისთვის, “არც ფირმისთვის და არც საზოგადოებისათვის არ განუმარტავს ამ ქმედების მიზეზი”.

შალვა რამიშვილი იმავე პოსტში ახსენებს ფარულ, მაკომპრომიტირებელ მასალებს და აცხადებს, რომ უკვე მიმართა პროკურატურას.

შალვა რამიშვილი მანამდე  იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი მუშაობდა ამჟამინდელ პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში.   “იმედის” გარდა შალვა რამიშვილი წინა წლებში მუშაობდა   ტელეკომპანია “მაესტროში”, 202-ში და რადიო 105-ში და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი