ახალი ამბები

შერონ სტოუნთან ვახშმის საქველმოქმედო ნაწილი

20 სექტემბერი, 2011 • 1025
შერონ სტოუნთან ვახშმის საქველმოქმედო ნაწილი

რუსთაველის თეატრში შერონ სთოუნის მონაწილეობით გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე შეგროვილი 1.5 მილიონი ლარიდან, 1 მილიონი  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებზე გადანაწილდება.

ინფორმაცია ამის თაობაზე “საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის” ხელმძღვანელმა გიორგი ჭირაქაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. საქველმოქმედო ვახშამი 5 ივნისს რუსთაველის თეატრში სწორედ ამ ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

“შესაძლებელი გახდა უპრეცედენტო მოცულობის საქველმოქმედო თანხის მოზიდვა“, – ამბობს “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე.

მისივე თქმით, მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან – თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსთან– მჭიდრო თანამშრომლობით რამდენიმე თვის განმავლობაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების წარმომადგენელთა სრული სია შეადგინეს.

სიაში სულ 400–მდე ოჯახი აღმოჩნდა, რომელთაგან თითოეული ერთჯერადად 2500 ლარს მიიღებს.

„ეს საკმაოდ სერიოზული თანხაა“, –ამბობს ჭირაქაძე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კიდევ რამდენიმე ასეთი ოჯახის დაზუსტება მიმდინარეობს.

1.5 მილიონი ლარიდან დარჩენილ თანხას, 500 ათას ლარს კი, “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტის თქმით, წლის ბოლოს დაგეგემილი მორიგი საქველმოქმედო ღინისძიებისთვის გამოიყენებენ.

ჭირაქაძე წლის ბოლოს დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ შემოსული თანხები ამავე მიზნით, აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გამოიყენებენ.

5 ივნისს გამართული საქველმოქმედო ვახშმის გენერალური სპონსორები– საქართველოს ბანკი, პლატინის სპონსორი–რუსთავის აზოტი, ოქროს სპონსორი მადნეული და კვარციტი და ვერცხლის სპონსორი სილქროუდ ჯგუფი იყვნენ.

საქველმოქმედო ვახშამზე ჰოლივუდის მსახიობი შერონ სთოუნიც იმყოფებოდა, რომელიც, ასევე, იმავე დღეს საქართველო–რუსეთის ომის თემაზე გადაღებული ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ პრემიერას დაესწრო.

5 ივნისის გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე დასასწრები ბილეთები 5 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე ღირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი