ახალი ამბები

პროფკავშირებში დაკავებულებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ

20 სექტემბერი, 2011 • • 1139
პროფკავშირებში დაკავებულებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ

მარცხნივ ერთ-ერთი დაკავებული მალხაზ გოგიავა
მარცხნივ ერთ-ერთი დაკავებული მალხაზ გოგიავა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ 18 სექტემბერს დაკავებულ ქუთაისელ მეტალურგებზე სამართალდამცავები ზეწოლას ახდენენ. სახალხო დამცველი კი მეტალურგთა საქმეს თავლ-ყურს ადევნებს და დარღვევების შემთხვევაში რეაგირების პირობას იძლევა.

მუშათა გაფიცვებში მონაწილე მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესის” სამი ყოფილი თანამშრომელი პოლიციამ, ოფიციალური ვერსიით, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის გამო დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის მიხედვით, რაც სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

პრფოკავშირებში აცხადებენ, რომ ირაკლი იობიძეს, ემილო გუმბერიძეს და მალხაზ გოგიავას სამართალდამცავებმა ნარკოტიკებზე შემოწმება ჩაუტარეს და ისინი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდნენ. შესაბამისად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ამ ადამიანების ინტერესებში არ შედიოდა.

სასამართლო სხდომამდე დაკავებულებმა ასევე უარი განაცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მომსახურებაზე. საქართველოს პროფკავშირები ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკავებამდე ირაკლი იობიძე, ემილო გუმბერიძე და მალხაზ გოგიავა აქტიურად თანამშრომლობდნენ, როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიულ სამსახურთან, ისე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალთან. შესაბამისად, მათსა და ამ ორგანიზაციას შორის სრული ნდობა არსებობდა.

პროფკავშირების მტკიცებით, ყველაფერი ზემოთ თქმული მიუთითებს იმაზე, რომ დაკავებულებზე სერიოზული ზეწოლა განხორციელდა. ამასთან, არსებობს დაპატიმრებულებზე ზეწოლის გაძლიერების სერიოზული საშიშროება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 21 სექტემბერს საქართველოს პროფკავშირები მართავს შეხვედრას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ელოდებიან ქვეყანაში მოქმედი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საელჩოსაც, ასევე, საერთაშროსო ორგანიზაციის მოლაპარაკებების შედეგებს ხელისუფლებასთან დაპატიმრებული მეტალურგების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პროფკავშირების მომავალი სამოქმედი გეგმის დეტალები ამ შეხვედრების შემდეგ გაცხადდება.

დაკავებულ მეტალურგებთან დაკავშირებით განცხადება გუშჳნ, 19 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმაც გააკეთა, საიდანაც ირკვევა, რომ ომბუდმენის ოფისის თანმშრომლებმა 18 სექტემბერს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს დაკავებულები. მათ წერილობით ახნსა-განმარტებაზე უარი განაცხადეს, თუმცა, ზეპირ საუბარში თქვეს, რომ მათზე არანაირი ზეწოლა და ძალადობა არ ყოფილა. საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში განაგრძობს ზემოაღნიშნული ფაქტის შესწავლას. მათი უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

გიორგი ტუღუშმა გუშინვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოთხოვა ”ჰერკულესის” მუშების გაფიცვის 15 სექტემბერს შეწყვეტის, ასევე 40-მდე ადამიანის დროებით დაკავების ფაქტების გამოძიება.

ომბუდსმენის ოფისის მიერ მოპოვებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ ქარხანაში არსებული შრომის მძიმე პირობების გამოსწორების მოთხოვნით დასაქმებულებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვა დაიწყეს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართა. გაფიცვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, რომლის დროსაც დაირღვა გაფიცვის მონაწილეთა უფლებები.

კერძოდ, 2011 წლის 13 სექტემბერს, აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა დადგეს კარავი. კარვის დადგმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათ გაფიცულებს კარვის აღება მოსთხოვეს. სამართალდამცავებმა კარავი დაშალეს და პოლიციის ავტომანქანაში მოათავსეს. მოგვიანებით, 10-15 წუთში, სამართალდამცავებმა კარავი მფლობელებს დაუბრუნეს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გაფიცვა გაგრძელდა, თუმცა, გაფიცულთა განმარტებით, მათ კარვის დადგმა აღარ უცდიათ.

ტუღუშის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემული ახსნა-განმარტებებისა და საინფორმაციო საშულებების მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, არც აქციის მიმდინარეობისას და არც კარვის დადგმის დროს არ მომხდარა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი