ახალი ამბები

თბილისის მერიის განცხადებით, ტაქსის მძღოლებზე გადასახადების დაწესება არ იგეგმება

6 აპრილი, 2016 • 1895
თბილისის მერიის განცხადებით, ტაქსის მძღოლებზე გადასახადების დაწესება არ იგეგმება

თბილისის მერიის განცხადებით, ტაქსების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მერიის მხრიდან მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დედაქალაქში ტაქსების მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით სამუშაო დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა, თითქოს მერია აღნიშნულ სფეროში გარკვეული გადასახადების დაწესებას გეგმავს:

“გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ტაქსების მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის დედაქალაქის მერიის მხრიდან რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება, ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ სამუშაო დოკუმენტის ფორმირება, რომლის მიზანიცაა, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სერვისის შექმნა.”

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაო დოკუმენტი, თავის მხრივ, მოიცავს ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის ნაწილსა და მძღოლების კომპეტენციის დადგენის შესაძლებლობების გზებს:

“ამასთან, ვითვალისწინებთ რა, რომ ტაქსების მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა ხშირად შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.”

დედაქალაქის მერია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ნუ გააშუქებენ ინფორმაციას არასწორი ინტერპრეტაციით, რათა საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი