ახალი ამბები

დეპუტატები: მოვუწოდებთ სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ

5 აპრილი, 2016 • 1219
დეპუტატები: მოვუწოდებთ სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ
 საქართველოს პარლამენტის წევრები, რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან.

დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ ყარაბაღში შექმნილი საომარი ვითარების გამო, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო დღეებში:

„მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ისეთი ხასიათის ქმედებებისგან და მოწოდებებისგან, რომლებმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალკულტურული სიმდიდრითა და კეთილმეზობლური ურთიერთობებით და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ხელი შეუწყოს ამ ტრადიციების შენარჩუნებას,” – აღნიშნულია განცხადებაში.

დეპუტატები მწუხარებას გამოთქვამენ ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი