ახალი ამბები

სსმ ბავშვების დასვენებისათვის თბილისის მერიამ 700 ათასი ლარი გამოყო

5 აპრილი, 2016 • 1182
სსმ ბავშვების დასვენებისათვის თბილისის მერიამ 700 ათასი ლარი გამოყო

თბილისის მერიამ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების 12 დღით დასვენებისათვის ბაკურიანსა და ურეკში ან ანაკლიაში, სასტუმროს მომსახურების შეძენისათვის 700 ათასი ლარი გამოყო.

სახელმწიფო შესწყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, მერიამ გამოაცხადა ორი ტენდერი: ერთი- ბაკურიანში 300 ბენეფიციარისა და 300 გამყოლისათვის, რისთვისაც გათვალისწინებულია 180 ათასი ლარი, ხოლო ზღვის კურორტისთვის (ურეკში ან ანაკლიაში)- 600 ბენეფიციარისა და 600 გამყოლისათვის – 520 ათასი ლარია გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარების და მათი გამყოლების დღეში სამჯერადი სრულფასოვანი კვება (დიაბეტის მქონე ბავშვებისათვის – დიეტური კვების უზრუნველყოფა).

მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარების და მათი გამყოლების ტრანსპორტირება ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით ქალაქ თბილისიდან  შესაბამისი მიმართულებებით და მათი თბილისში დაბრუნება.

დოკუმენტაციის მიხედვით, ამ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ და თბილისში განთავსებულ ბავშვთა სპეციალიზებული ცენტრების ბენეფიციარებს, 3-დან 20 წლამდე პირებს.

მერიის განმარტებით, თავად ბენეფიციარები აირჩევენ, სად სურთ დასვენება- მთის თუ ზღვის კურორტზე. დაბა ბაკურიანში ბენეფიციარებს ეტაპობრივად, 20 მაისიდან 20 სექტემბრმდე დაასვენებს, ხოლო ზღვის კურორტზე, 1 ივნისიდან 20 სექტემბრამდე.

მერია სსმ პირებისთვის 2 და 4-ადგილიან ნომრებს იქირავებს. სასტუმროს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მოემსახუროს.

მერიამ ორივე ტენდერი 2016 წლის 1 აპრილს გამოაცხადა, განაცხადების მიღება 17 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი