ახალი ამბები

მსურველები პროგრამის გავლის შემდეგ სკოლაში უფროს პედაგოგად მუშაობის დაწყებას შეძლებენ

5 აპრილი, 2016 • 4148
მსურველები პროგრამის გავლის შემდეგ სკოლაში უფროს პედაგოგად მუშაობის დაწყებას შეძლებენ

მასწავლებლობის მსურველები, რომლებიც უმაღლესი განათლების დიპლომს ფლობენ, ერთწლიანი პროგრამის გავლის შემთხვევაში სკოლაში უფროს მასწავლებლად მუშაობის დაწყებას შეძლებენ – ამის შესახებ 5 აპრილს განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადეს.

მათი განცხადებით, ამ პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პედაგოგების მოზიდვა და რეგიონებში კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა.

მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ ეს ინიციატივა “გარდამავალ პერიოდს” უკავშირდება.

“კანონში ცვლილებით უკვე 2017 წლიდან უნდა დაიწყოს პედაგოგიური მიმართულების 5-წლიანი პროგრამების ამოქმედება, სადაც 1 წელი არის ჩაშენებული პრაქტიკა, ხოლო გარდამავალი ეტაპისთვის, სანამ გვეყოლება ასეთი კურსდამთავრებულები, ვისარგებლებთ 60-კრედიტიანი მასწავლებლის პროგრამით, რომელიც უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს მოამზადებს. მათ, რომელთაც ექნებათ საგნობრივი კომპეტენციები წინასწარ დადასტურებული, შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ 60-კრედიტიანი კურსი, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ მასწავლებლობას იმგვარად, რომ მოხვდებიან მასწავლებლის კარიერული საფეხურების მეორე საფეხურზე- უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში, სადაც მათ ელოდებათ უკეთესი ხელფასი,”- ამბობს მინისტრი.

მომავალი მასწავლებლებისთვის ამ ეტაპზე 12 პროგრამა არის აკრედიტირებული, თუმცა განათლების მინისტრი აცხადებს, რომ შემდეგი აკადემიური წლიდან ყველა პედაგოგიური მიმართულება ჩაერთვება. პროგრამები იქნება როგორც თბილისის, ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებში. სანიკიძის განცხადებით, ამ კუთხით რეგიონული უნივერსიტეტების განვითარება პრიოროტეტია, რადგანაც პედაგოგების დეფიციტი სწორედ სოფლებში ფიქსირდება.

ვის შეუძლია გახდეს მასწავლებელი?

მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლია ბაკალავრის, მაგისტრის, ან მაგისტრთან გათანაბრებული აკდემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებსაც მოეთხოვებათ უნივერსიტეტის მიერ მასწავლებლის მომზადების აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა.

თამარ სანიკიძე განმარტავს, რომ არ ენიჭება მნიშვნელობა იმას, თუ რა პროფესიის დიპლომი ექნება მასწავლებლობის მსურველს – მთავარია, მან საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება შეძლოს.

“ადამაინი, რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი და აქვს შერჩეული საგანი, რომელიც უნდა, რომ ასწავლოს სკოლაში და ამ საგანს ჩააბარებს, მას შეეეძლება, რომ სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებით ერთი წელი უნივერსიტეტში ისწავლოს, რისი დასრუელბის შემდგაც მას ეძლევა სერტიფიკატი, რომლითაც ის უკვე გახდება მასწავლებელი,”- ამბობს მინისტრი.

მასწავლებლობის რამდენ მსურველს დააფინანსებს სახელმწიფო?

თამარ სანიკიძის განცხადებით, იმ მასწავლებელთა დეფიციტის მაჩვენებლის მიხედვით, რაც მთელ საქართველოში გამოვლინდა, წელიწადში სახელმწიფო დაახლოებით მასწავლებლობის 800-1000 მსურველს დააფინანსებს.

თუმცა, თუკი პირი ვერ მოიპოვებს დაფინანსებას და მაინც სურს ამ პროგრამის გავლა, მინისტრის განცხადებით, მას შეუძლია თვითდაფინანსებას მიმართოს – თუმცა იმ კვოტების ფარგლებში, რაც უნივერსიტეტს ექნება დადგენილი.

ეს ერთწლიანი კურსი, რომელიც მოიცავს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და პრაქტიკულ მეცადინეობებს, დაახლოებით 2 000 ლარი ეღირება. მინისტრის განცხადებით, ინფორმაცია კვოტების, ღირებულებისა და სხვა დეტალების შესახებ განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გახდება ხელმისაწვდომი.

ამ კურსისთვის დაფინანსებას ვერ მიიღებს მასწავლებელი, რომელიც უკვე მუშაობს საკუთარი პროფესიით.

რეგისტრაცია

რეგისტრაციის პროცესი უკვე დაიწყო და მასწავლებლობის მსურველებს  რეგისტრაციის გავლა 12 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა მსურველის მხრიდან შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. საგნის გამოცდის ჩასაბარებლად მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge. პარალელურად, რეგისტრაციის გავლა მოეთხოვებათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 12 აპრილის ჩათვლით (საჭირო დოკუმენტაცია- 1.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2.განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი).

მაია მიმინოშვილის განმარტებით, რეგისტრაციის პროცესი ძალიან მარტივია: მსურველმა საკუთარი პირადი მონაცემები უნდა დაარეგისტრიროს ვებ-გვერდზე online.naec.ge და ამავე გვერდზე დააფიქსიროს საგანი, რომლის სწავლებასაც მომავალში აპირებს. რეგისტრაციის შემდეგ მასწავლებლები საგნობრივ გამოცდას ჩააბარებენ, შემდეგ კი კონკრეტული უნივერსიტეტები მიიღებენ გადაწყვეტილებას მათი მიღების შესახებ.

“60-კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მსურველები მომზადდებიან იმისათვის, რომ შევიდნენ სკოლაში და ასწავლონ მოსწავლეებს,”- ამბობს მიმინოშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი