ახალი ამბები

ზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერი იქნება

4 აპრილი, 2016 • 1749
ზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით,  “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის მოტივაცია ის არის, რომ პრემიერ-მინისტრი “ქართული ოცნების” ლიდერია.
“ბატონი გიორგი კვირიკაშვილი ალბათ ძალიან მალე ოფიციალურად დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს. მოტივაციაც გასაგებია ყველასთვის. ის იქნება ჩვენი გუნდის, ჩვენი კოალიციის ლიდერი. რაც არ უნდა კომენტარი გაკეთდეს ამაზე მომავალ არჩევნებამდე, იგი იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი და თავისთავად ამ საკანონმდებლო ინიციატივის მოტივაციაც ძირითადად ეს არის“.

4 აპრილს ზვიად კვაჭანტირაძემ და ვახტანგ ხმალაძე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ ის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად,  საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამ ნორმის შესწორება სურთ კანონპროექტის ინიციატორებს, რადგან მიიჩნევენ, რომ  ნორმა არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი