ახალი ამბები

“ეროვნული ფორუმის” 6-დეპუტატიანი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

4 აპრილი, 2016 • 2032
“ეროვნული ფორუმის” 6-დეპუტატიანი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ დღეს, 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

“ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” ფრაქციაში 6 დეპუტატია გაწევრიანებული: სოსო ვახტანგიშვილი, თემურ მაიურაძე, გიორგი ხეჩინაშვილი, შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და გუბაზ სანიკიძე.

პარტიის წევრი ანი მიროტაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ისინი უმრავლესობასთან ოპონირების რეჟიმში გადადიან:

“ჩვენ არ ვიქნებით რადიკალურები, არ გამოვიყენებთ სალანძღავ სიტყვებს, რასაც ხშირს შემთხვევაში იყენებენ, რადგან ეს პოლიტიკური უკულტურობის დამადასტურებელია და სათქმელის გამოხატვა ისეც შეიძლება, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო. არ ვიქნებით ე.წ. აუცილებლად რომ ოპოზიციური განცხადება უნდა ვაკეთოთ, მაგრამ იქნება ოპონირების რეჟიმი. ჩვენი ხედვები დამოუკიდებლად იქნება გაჟღერებული. მანამდე იყო საკითხები, რაზეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ის კოალიციის შიგნით ჟღერდებოდა. დამოუკიდბელობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოზიცია იქნება ღია და მკაფიო”, – ამბობს მიროტაძე ნეტგაზეთთან.

კახა შარტავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ფორუმის” სიის პირველი ნომერი თვითონ იქნება. “ფორუმის” წევრები საპარლამენტო თანამდებობებსაც ტოვებენ.

“ფორუმის” გამოკლების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას 81 დეპუტატი დარჩება, რაც საკმირისია უმრავლესობის შენარჩნებისთვის, რადგან ზღვარი 76 მანდატზე გადის.

“ეროვნული ფორუმის” 3 აპრილს გამართულ ყრილობაზე, კენჭისყრის შედეგად, პარტიამ გადაწყვიტა, რომ დატოვოს კოალიცია “ქართული ოცნება” და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს. 451 ხმა 10-ის წინააღმდეგ, “ეროვნული ფორუმის” წევრთა 98% მხარს უჭერს პარტიის დამოუკიდებლობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი