ახალი ამბები

“ქართული პარტია” შსს–სა და პროკურატურას მიმართავს

29 აგვისტო, 2011 • • 1106
“ქართული პარტია” შსს–სა და პროკურატურას მიმართავს

„ქართული პარტია“ შსს–სა და მთავარ პროკურატურას იმ პირების დასჯას სთხოვს, ვინც მძღოლებს მიკროავტობუსით მგზავრობის ფასის გაზრდას აიძულებს. მის შესახებ განცხადება პარტიის ერთ–ერთმა წევრმა, სოფიო ხორგუანმა დღეს, „ქართული პარტიის“ ოფისში გააკეთა.

სოფიო ხორგუანის თქმით, უკვე ერთ თვეზე მეტია მგზავრობის ღირებულება გაიზარდა ახალ, ყვითელ მიკროავტობუსებში, ბოლო დღებში კი თითქმის ყველა სამარშუტო ხაზზე, სადაც ძველი მიკროავტობუსები მოძრაობენ, მგზავრობა 80 თეთრი გახდა. როგორც „ქართული პარტიის“ წევრი ამტკიცებს, მძღოლებს მგზავრობის გაძვირებას მერიის წარმომადგენლები მუქარის ძალით აიძულებენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. სწორედ ამის გამო „ქართულმა პარტიამ“ 22 ივლისს ოფიციალური განცხადებით მიმართა შსს–სა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა გამოიძიონ აღნიშნული საქმე. თუმცა, როგორც პოლიტიკოსი ამბობს, სამარალდამცავებისგან ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი.

სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე ასევე გაამახვილა ყურადღება თელავში ჩასატარებელ მაჟორიტარულ არჩევნებზე. დეპუტატ გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო იქ რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნებია დანიშნული. „ქართული პარტიის“ მტკიცებით, თელავის გამგეობაში წვევამდელებს აიძულებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის ხმის მისაცემად არჩევნებზე ოცი ადამიანი მიიყვანონ, რის შემდეგაც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გაათავისუფლებენ. ხორგუანის თქმით, პარტიას ამის შესახებ ინფორმაცია თავად თელაველებმა მიაწოდეს და „ქართული პარტიის“ ლიდერები მის სისწორეში დარწმუნებული რომ არ იყვნენ, „ამ განცხადებას არ გაავრცელებდნენ.“ „ქართული პარტია“ აღნიშნული ფაქტის გამოძიებას კვლავ პროკურატურასა და შსს–ს სთხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი