ახალი ამბები

დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს

2 აპრილი, 2016 • 1753
დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს

ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას აღნიშნა.

“ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას დაიწყებენ და ეს იქნება საქართველოს დამსახურებული მიღწევა,” – განაცხადა ევროკომისარმა.

ავრამოპულოსის განცხადებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა წინაპირობა შეასრულა, საუკეთესო მაგალითი მისცა რეგიონის ქვეყნებს და განაგრძობს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ რეფორმებისთვის. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში დადებითად აფასებდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს და იმას, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და დღესდღეობით ვხედავთ, რომ ძალზე სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული,” – აღნიშნა დიმიტრის ავრამოპოლუსმა.

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემათ:

“რეფორმები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის იმპლემენტაციის ჩარჩოებში გატარდა, სასიკეთოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ძალზე ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას და ეს მოხდება ძალზე მოკლე ვადებში. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, საქართველოს მოქალაქეებს, ბიომეტრიული პასპორტებით, აღარ ექნებათ საჭიროება წარმოადგინონ ვიზა 90 დღის ვადით, ტურისტული, ბიზნეს ან საოჯახო საქმეებზე მოგზაურების დროს. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების უფლებას.”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის ანგარიშის შესახებ, რომელშიც საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული. ასევე, განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის. პრემიერის თმით, საქართველო განსაკუთრებით მადლიერია იმისთვის, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უაღრესად პოზიტიურად შეაფასა და, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მგზავრობის შემოღების მიზნით, ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება მოახდინა.

კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და უახლოეს ხანში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით გამგზავრებას ვიზის გარეშე შეძლებენ.

“საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული ეს პროგრესი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს განიხილავს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, რომლებიც, იმედი გვაქვს, იხელმძღვანელებენ ევროკომისიის შეფასებით და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი