ახალი ამბები

ომბუდსმენი სახელმწიფოს აუტიზმის მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს

2 აპრილი, 2016 • 1568
ომბუდსმენი სახელმწიფოს აუტიზმის მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, იზრუნოს აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მათი შესაძლებლობების ზრდაზე.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ძირითადად უცვლელია და დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მათი უფლებების სათანადო რეალიზება: “ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აუტიზმის მქონე ადამიანების შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია მათთვის აუცილებელი და საჭირო მომსახურებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან.”

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კვლავ რჩება ბარიერები სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში:

“სპეციფიკური სასწავლო სტრატეგიებისა და მეთოდების არარსებობა, პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია და არასაკმარისი რაოდენობა აფერხებს აუტიზმის მქონე ბავშვების სრულფასოვან ინკლუზიას და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.”

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები.

“მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, საჯარო გამოსვლების დროს სხვადასხვა სახის განცხადებებით ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას,” – აცხადებს ომბუდსმენი.

ნანუაშვილი სახელმწიფოს მოუწოდებს, მიმართოს სათანადო ძალისხმევა საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლისა და არსებული სტიგმის დაძლევისაკენ, უზრუნველყოს მათი ყოველმხრივი მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვით ხელი შეუწყოს ამ პირთა ღირსეული მომავლის შექმნას.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციის თანახმად, ეს დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მუდმივად მიაპყროს საზოგადოების ყურადღება აუტიზმის მქონე პირთა მხარდაჭერის საჭიროებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

2016 წელს ამ დღის თემაა “აუტიზმი და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგი 2030 წლამდე: ინკლუზია და ნეირომრავალფეროვნება”.

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის ხაზგასმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის აუტიზმის მქონე პირთა აქტიური და თანაბარი მონაწილეობის აუცილებლობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. გზავნილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოების ცხოვრებაში, რაც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი. ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევად და მათი პოტენციალის დაკარგვად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი