ახალი ამბებიხელოვნება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

1 აპრილი, 2016 • 3928
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

1 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჩინეთის სასახლის მუზეუმის დირექტორმა შან ჯიხიანდიმ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი და ელჩის პირველი მდივანი სუნ ძენ ბინი დაესწრნენ.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული აღმოსავლური კოლექციების მოვლას, ერთობლივი გამოფენების მოწყობას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და საჯარო ლექციებს.

მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის. ფოტო: კულტურის სამინისტრო

მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის. ფოტო: კულტურის სამინისტრო

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სასახლის მუზეუმი ჩინეთის ქალაქ პეკინში მდებარეობს და 980 შენობისგან შემდგარ უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენს. მას მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულება ჰქონდა. კომპლექსი 1987 წლიდან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, როგორც ,,მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე”, მისი კოლექცია კი იუნესკოს მიერ მსოფლიოში უძველეს ხის ნაკეთობათა უდიდეს კოლექციად არის შეფასებული.

ჩინეთის სასახლის მუზეუმი, რომელიც ,,აკრძალული ქალაქის“ სახელითაა ცნობილი, მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად მუზეუმს წარმოადგენს – წელიწადში მას 15 მილიონი დამთვალიერებელი სტუმრობს. მუზეუმი ცნობილია მასში დაცული ქინის იმპერიული პერიოდის კოლექციით, რომელიც მოიცავს კერამიკულ, ფერწერულ ნამუშევრებს, საათებს, ბრინჯაოსა და ნეფრიტის ნაკეთობებს, ხელნაწერებს, უძველეს წიგნებსა და ისტორიულ დოკუმენტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი