ახალი ამბები

თსუ-ს 15 მაისიდან აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა ეყოლება

1 აპრილი, 2016 • 1486
თსუ-ს 15 მაისიდან აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა ეყოლება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, კანცლერის ახალი კანდიდატურის შერჩევაში მონაწილეობას აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა მიიღებს, ამიტომ 15 მაისიდან თსუ-ს აკადემიური საბჭოს შემადგენლობა იცვლება; ხოლო უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატურა 30 მაისიდან 3 ივნისამდე შეირჩევა.

თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებთან დაკავშირებით აკადემიურ საბჭოს ტექნიკური დეტალები დარჩა გასარკვევი, რომლებსაც ხვალინდელ სხდომაზე გადაწყვეტენ:

„რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღი ჯერ არ გადაწყვეტილა. არჩევნები ჩატარდება აპრილში აუცილებლად, მაგრამ არის რაღაც ტექნიკური მომენტები დასაზუსტებელი და ამისთვის აკადემიური საბჭო კიდევ შეიკრიბება. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, რომ დროში არ გაიწელოს ეს პროცედურა. კანონი განსაზღვრავს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის იმ წევრებმა, ვისაც აქვს დოქტორის ხარისხი,“ – აცხადებს პაპავა.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აკადემიურ საბჭო შეხვდა სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს. „აუდიტორია 115“-ის წევრის, სანდრო ტაბატაძის განცხადებით, აკადემიურმა საბჭომ გაიზიარა სტუდენტთა პოზიცია. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ცვლილება მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო:

“1 მაისს რექტორ ვლადიმერ პაპავას შეუწყდება უფლებამოსილება, მანამდე აირჩევა რექტორის მოვალეობის შემსულებელი. არსებული აკადემიური საბჭო 15 მაისს გადადგება, რადგან მანამდე არსებული წესით აირჩევა გარდამავალი აკადემიური საბჭო, რომელიც ჩაატარებს კანცლერის არჩევნებს“.

აუდიტორია #115-ის წევრები ამჟამად განათლების მინისტრთან შეხვედრას მართავენ საუნივერსიტეტო თვითმმართველობის მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით.

“განათლების მინისტრს უნდა წარვუდგინოთ თვითმმართველობის მოდელის ჩვენეული ვარიანტი, რომელსაც, მისი დაპირებით, დაჩქარებული წესით წარადგენენ პარლამენტში. გარდა ამისა უნდა დავაყენოთ აკადემიური საბჭოსა და რექტორის წესის არჩევის ცვლილება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის,”- ამბობს სტუდენტი ნათია ქარჩილაძე.

ვლადიმერ პაპავამ რექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 30 მარტს მიიღო. ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ორი დღე შიმშილობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი