ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

30 მარტი, 2016 • 1638
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

„ბირთვული უსაფრთხოების სამიტი – 2016“ 31 მარტს დაიწყება და 1 აპრილს ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სახელით მსოფლიო ლიდერებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 52 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან – მათ შორის იაპონიის,  ჩინეთის, კორეის, საუდის არაბეთის, თურქეთის,  დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის  სახელმწიფოს ლიდერები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების – ინტერპოლის, გაეროს, ევროკავშირის და  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები.  სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახსნის.

მათივე ცნობით, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები დღეს დაიწყება:

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ვაშინგტონში ნატო-სა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო  და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტთან.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში და ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი არჩილ ფავლენიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი