ახალი ამბები

კახეთის საინფორმაციო ცენტრი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

29 მარტი, 2016 • 2199
კახეთის საინფორმაციო ცენტრი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საინფორმაციო ცენტრი გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს:

“2016 წლის 28 მარტს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს, თამარ მოდებაძესა და ზაურ ზავრაშვილს, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თანამდებობის პირის გაღიზიანება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამზადებდა სიუჟეტს ახმეტის მუნიციპალიტეტში კორუფციის კიდევ ერთ შესაძლო ფაქტზე, რომელშიც მაღალი ალბათობით თავად ლუხუმ შეთეკაურიც არის ჩართული.

განმარტების მიღების მიზნით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ლუხუმ შეთეკაურს გამგეობის შენობაში, სამუშაო ოთახში მიაკითხეს, განუმარტეს, რომ იყვნენ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან და რა საქმეზეც სურდათ კითხვებზე პასუხის მიღება. პირველივე კითხვას ასეთი პასუხი მოჰყვა:

„დავაი, დაახვიეთ აქედან. დაახვიეთ მეთქი, პროვოკატორი ხარ, ვიღაცა ხარ“, – ამ სიტყვებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოაძევა გამგეობის თანამდებობის პირმა სამუშაო კაბინეტიდან ჟურნალისტები. ვინაიდან ჟურნალისტმა კითხვების დასმა ოთახის გარეთაც გააგრძელა, ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორს ხელი დაარტყა, შემდეგ კი ოპერატორი ძალის გამოყენებით სხვა ოთახში შეაგდო და მისი ჩაკეტვაც სცადა, რომლის საშუალებაც მას ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა არ მისცეს.

ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

გარდა ამისა, 2016 წლის 19 მარტს ახმეტაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შახვეტილას ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა უძილაური, რომელიც ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიზანმიმართულად შეეცადა, ავტომანქანა, რომელსაც თავად მართავდა, დაეჯახებინა საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოს გელა შაშიაშვილისთვის. მომხდარის თაობაზე გელა შაშიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს აცნობა. პარალელურად, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა ინფორმაცია მიაწოდა შს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებსაც.

შს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და ლაშა უძილაურს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერეს,”- აცხადებს საინფორმაციო ცენტრი.

მათივე განცხადებით, ორივე შემთხვევა უკავშირდება ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის, გამგებლის ბექა ბაიდაურის, საკრებულოს და გამგეობის ცალკეული თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული მასალების მომზადებას და გამოქვეყნებას.

გარდა ამისა, კახეთის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ მათი საქმიანობის მიმართ.

“საინფორმაციო ცენტრების ქსელი მოგმართავთ თხოვნით, როგორც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირს, – გამოიყენოთ ყველა ლეგიტიმური ბერკეტი და საშუალება, რათა ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირთა მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები დროულად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული, ხოლო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა ბრალეულ მოხელეს დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად,”- აღნიშნულია პრემიერისადმი მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი