ახალი ამბები

ცესკომ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებაზე სარეფერენდუმო შეკითხვა დაარეგისტრირა

29 მარტი, 2016 • 1540
ცესკომ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებაზე სარეფერენდუმო შეკითხვა დაარეგისტრირა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრია სარეფერენდუმო შეკითხვა- „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“.

ცესკოს განმარტებით, სამი თვის ვადაში ინიციატორებმა უნდა შეაგროვონ არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერა, რის შემდეგაც ცესკო ერთი თვის ვადაში იმსჯელებს საკითხზე დ შემდეგ პრეზიდენტს გაუგზავნის განსახილველად, რომელიც მოიწონებს, ან არ მოიწონებს ამ ინიციატივას.

ინიციატორები არიან ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თემურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავა. 

ცესკოს ცნობით, ამ ჯგუფმა განსახილველად კიდევ 8 საკითხი დააყენა, რომელიც ცესკომ არ დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება ცესკომ 27 მარტს განიხილა, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა ცესკოს 2016 წლის 26 თებერვალს მიმართა.

სხვა საკითხები, რომლებიც ცესკომ არ დაარეგისტრირა: „თანახმა ხართ თუ არა, ქართული ჯარის ნაწილები მსახურობდნენ საზღვარგარეთ?“, „უნდა გამოცხადდეს თუ არა დასაქმება ქვეყანაში გადასაჭრელ უპირველეს პრობლემად?“, ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგებოდეს 61 (სამოცდაერთი) წევრისგან?”, „უნდა ჰქონდეს თუ არა ამომრჩეველს მის მიერ არჩეული თანამდებობის პირის გამოწვევის უფლება?“,  „გინდათ თუ არა, რომ საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ (მიუმხრობელ) ქვეყნად?“,  „თანახმა ხართ თუ არა, პარლამენტი გადმოტანილ იქნას თბილისში?“, ,,თანახმა ხართ თუ არა, პარტიებმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა 5 წლით შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა?”.

ცესკოს განმარტებით, კომისიამ 27 მარტს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რომელიც ცესკოში 26 თებერვალს შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი