ახალი ამბები

სუს: ერაყსა და სირიაში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქეა

29 მარტი, 2016 • 1326
სუს: ერაყსა და სირიაში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქეა

“დღეის მდგომარეობით, ერაყსა და სირიაში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება” – ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც 29 მარტს პარლამენტში წარადგინეს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას აღნიშნული პირების შესახებ  და მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში გაატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს,”- წერია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარშის ერთი თავი ტერორიზმს ეთმობა და აღნიშნულია, რომ ტერორიზმთან ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ანგარიშის თანახმად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების პრევენციის მიზნით მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები:

“გამგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახური იღებდა შესაბამის ზომებს (მათ შორისაა “პროფილაქტიკური საუბრები”). სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე, ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლზე დაყენებულ იქნა რამდენიმე ასეული პირი. მთლიანობაში, კონტრტეროტისტული მიმართულებით, შსს-სთან თანამშრომლობით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1286 პირი, ხოლო 1041-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ოპერტიული ინფორმაციის საფუძველზე აღკვეთილია საქართველოს მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მცდელობის 40 ფაქტი,”- აღნიშნულია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი