ახალი ამბები

მინიმალური ზღვარი წელს უფრო მეტმა აბიტურიენტმა გადალახა

31 ივლისი, 2011 • 1098
მინიმალური ზღვარი წელს უფრო მეტმა აბიტურიენტმა გადალახა

ზოგადი უნარების პირველადი სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წელს აბიტურიენტთა 7.1 % –მა ვერ გადალახა. 2010 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8.92 % იყო.

თუმცა საშუალო ქულა ორივე წელს ერთნაირი დაფიქისრდა–მაქსიმალური 80–იდან დაახლოებით, 37.50.

2011 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე მაქსიმალური ქულა 80 არც ერთ აბიტურიენტს არ მიუღია. წინა წელს 80 ქულა აღნიშნულ გამოცდაში ორმა აბიტურიენტმა მიიღო. 2011 წელს მაქსიმალური ქულა 79 –ორმა აბიტურიენტმა.

წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას სულ 33 197 აბიტურიენტი იღებდა. 2010 წელს- დაახლოებით 10 ათასიაბიტურიენტით მეტი.

წინა წლებთან შედარებით აბიტურიენტთა მომზადების დონით კმაყოფილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

“წელს აბიტურიენტთა მომზადების დონე წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, ეს უნარებში გამოცდის შედეგებმა აჩვენა. მაღალი შედეგები კი სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდამ და ახალი პროექტების ამოქმედებამ განაპირობა”, –განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

2011 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილი ჯერ არ არის. გამოცდების ეროვნული ცენტრი ხვალიდან, ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდების შემდეგ, უცხო ენების გამოცდების შედეგებს გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი