ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები არჩევნებში რესპუბლიკელებთან ერთად მონაწილეობას არ აპირებენ

28 მარტი, 2016 • 1331
თავისუფალი დემოკრატები არჩევნებში რესპუბლიკელებთან ერთად მონაწილეობას არ აპირებენ

დავით ონოფრიშვილის თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებში რესპუბლიკელებთან ერთად მონაწილეობას არ აპირებენ:

“თავისუფალი დემოკრატების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ ცალკე ვიყრით კენჭს და არანაირ კოალიციაში, არავისთან ყოფნას არ ვაპირებთ. რაც არ უნდა ცვლილება მოხდეს – დაშლა, გადახალისება, ვერ ვხედავ იმას, რომ ეს პრინციპი [არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა] შეიცვალოს.”

მისივე თქმით, “ქართული ოცნებიდან” პარტიების გასვლა “თავისუფალი დემოკრატებისთვის” პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის:

“კოალიციის წევრების გადასაწყვეტია, ვინ გავა კოალიციიდან და ვინ არა. ჩვენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმ მხრივ, რომ უკვე ორი წელი ხდება, რაც კოალიციაში არ ვართ, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს. საარჩევნო კამპანიაც დაწყებული გვაქვს.”

რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ “რესპუბლიკური მოძრაობის” გადწყვეტილებიდან, როგორიც არ უნდა იყოს ის, “ტრაგედია არ უნდა შევქმნათ”.

მიიღებს თუ არა რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად? – ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას წინ უსწრებდა დაპირისპირება გოგი თოფაძესა და მრეწველთა პარტიასთან. გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა. კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების პროცესში პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი განცხადება გააკეთა: 19 თებერვალს მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და მთელ მთავრობას სცხებს ჩირქს, ხოლო 3 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. ამის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერთან შეხვედრა და“ქართული ოცნების” პარტიასთან ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გამოთქვა, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი