ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება აშშ–ს სენატის რეზოლუციას მიესალმება

30 ივლისი, 2011 • 1013
საქართველოს საგარეო უწყება აშშ–ს სენატის რეზოლუციას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სენატის მიერ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმდინარე დარღვევებისადმი და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტისადმი სენატის დამოკიდებულების გამომხატველი რეზოლუციის” ერთხმად მიღებას მიესალმება.–ამის შესახებ დღეს, 30 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

“რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს  რეგიონებად აღიარებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ს სენატში წარდგენილ იქნა  2011 წლის მაისში დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემის მიერ.

აშშ-ს სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია აშშ-საქართველოს სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებში. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ერთხმად მიღებით სენატმა ოფიციალურად გამოხატა თავისი მკაფიო და ერთსულოვანი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ხოლო რუსეთის ფედერაცია ოკუპანტ ძალად აღიარა, რითაც საქართველოში არსებულ მდგომარეობას ზუსტი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცა.

რეზოლუციის მიღებით აშშ-ს სენატი ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა, ასევე აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად აღიარება შეერთებული შტატების პოლიტიკის ნაწილია.

რეზოლუციით აშშ-ს სენატი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, გადადგას ნაბიჯები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად, მათ შორის სამხედრო ძალების ომამდელ პოზიციებზე დასაბრუნებლად და კონფლიქტით დაზარალებულთათვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ ჩართულობას და ნდობის აღდგენის ღონისძიებებს საქართველოს ხელისუფლებასა და “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის მაკონტროლებელ ძალებს შორის და ასევე ხალხთა შორის დამატებითი კონტაქტების განვითარებას.

სენატი ადასტურებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება კავკასიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტია, ხოლო ხანგრძლივი რეგიონული სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი და მხარეებს შორის გრძელვადიანი დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგის გზითაა შესაძლებელი”, –აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი