ახალი ამბები

ვოლსკი: “რესპუბლიკელების” გადაწყვეტილებიდან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ

28 მარტი, 2016 • 1292
ვოლსკი: “რესპუბლიკელების” გადაწყვეტილებიდან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ “რესპუბლიკური მოძრაობის” გადწყვეტილებიდან, როგორიც არ უნდა იყოს ის, “ტრაგედია არ უნდა შევქმნათ”. ამის შესახებ  მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა:

” არ მგონია, რომ ტრაგედია უნდა შევქმნათ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებიდან. კოალიციურ რეჟიმს ბევრი პლუსი აქვს და ცალ-ცალკე გასვლასაც თავისი პოზიტივები გააჩნია. თავიდანვე ჩვენი კომენტარები  და განცხადებები არ იქნება ნათელი, სანამ კოლეგები[რესპუბლიკელები] გადაწყვეტილების თაობაზე განცხადებას არ გააკეთებენ.”

ვოლსკი არ ფლობს ინფორმაციას, აპირებენ თუ არა კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას:

“არ მაქვს ინფორმაცია. ვფიქრობ, ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია ქართულ ოცნებასთან კოალიციაში ყოფნა, ყოველ შემთხვევაში, თანამშრომლობის ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მრავალფეროვნებას, თუმცა ყველა საკითხი ღრმა ანალიზს საჭიროებს.”

მიიღებს თუ არა რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად? – ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას წინ უსწრებდა დაპირისპირება გოგი თოფაძესა და მრეწველთა პარტიასთან. გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა. კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების პროცესში პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი განცხადება გააკეთა: 19 თებერვალს მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და მთელ მთავრობას სცხებს ჩირქს, ხოლო 3 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. ამის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერთან შეხვედრა და“ქართული ოცნების” პარტიასთან ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გამოთქვა, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი