ახალი ამბები

ცისკარაშვილი: ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს შევასრულებთ

29 მარტი, 2016 • 1252
ცისკარაშვილი: ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს შევასრულებთ

საქართველო რამდენიმე თვის წინ პირველად გახდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა. რას ნიშნავს საქართველოსთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა და  რამდენად რეალისტურია იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც  საქართველომ ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში აიღო –  ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წარმომადგენელს ესაუბრა.

ინტერვიუ საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან ჟენევაში, შალვა ცისკარაშვილთან “ნეტგაზეთმა” გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიის  დროს ჩაწერა. სწორედ ამ სესიაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველო დათანხმდა, მიეღო რიგი რეკომენდაციები ქვეყანაში ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მათ შორის – ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაძლიერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციაც.

საქართველო ახლახან გახდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი. პირველ რიგში, გვაინტერესებს, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, რა იცვლება ადამიანის უფლებათა საბჭოს დარბაზში საქართველოს დელეგაციისთვის ადგილის გარდა?

პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის. მართლაც უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა – თავად ის, რომ საქართველო არჩეული იქნა გაეროს ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს წევრად. ძალიან ბევრი უკვე აღიარებს, რომ თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იგი გაეროს იერარქიაში მეორე ადგილზეც კი არის უკვე, უშიშროების საბჭოს შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს არჩევა არის საქართველოს როლისა და გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარება საერთაშოროსო თანამეგობრობის მხრიდან. თქვენ დასვით კითხვა, თუ რა იცვლება, სწორი კითხვა არის, გარდა იმისა, რომ იცვლება ადგილი არაწევრი სახელმწიფოებისთვის მიჩენილი ადგილიდან წევრი სახელმწიფოებისთვის გამოყოფილი ადგილის მიმართულებით. მთავარია, რაც იცვლება.  თქვენ თავად ხართ მომსწრე სხდომების და ხედავთ, თუ რაოდენ დახუნძლული არის ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგი. არის ძალიან ბევრი თემატური საკითხი, ძალიან ბევრი კონკრეტული სახელმწიფოსადმი დაკავშირებული თემები – ამ საკითხებზე მიდის ყოველდღიური მსჯელობა, გადაწყვეტილებების შემუშავება, რეზოლუციების მიღება. აი, ამ პროცესში, დაწყებული დასაწყისი კონსულტაციებიდან, დამთავრებული  რეზოლუციების მიღებით, საქარველოს უკვე აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიცია დააფიქსიროს. საქართველო არის ჩართული ამ პროცესში, გამოდის რეკომენდაციებით, მონაწილეობს სხვადასხვა გადაწყვეტილების შემუშავებაში, მონაწილეობს თავად რეზოლუციების კენჭისყრაში და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის როლი, მნიშვნელობა და წონა, ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანოში, მე ვიტყოდი, რომ ძალიან სერიოზულად გაიზარდა. ეს დინამიკა ასევე შენარჩუნდება უახლოესი სამი წლის განმავლობაში. მანამ, ვიდრე  საქართველო იქნება ამ ორგანოს წევრი.

თუ შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ საკითები, რომლებსაც  საქართველო წამოწევს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში?

უპირველეს ყოვლისა მე დავიწყებ, რა თქმა უნდა, საქართველოს თემით, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებით და ადამიანის უფლებების კუთხით იქ შექმნილი მდგომარეობით. ჩვენ მანამდე, სანამ საბჭოს წევრი გავხდებოდით, ცხადია, ამ და სხვა პლატფორმას ძალიან აქტიურად ვიყენებდით ამ თემის წარმოჩინებისთვის და საერთაშორისო აქტორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდირებისთვის. მაგრამ, ცხადია, საბჭოში გაწევრიანება ხარისხობრივად უფრო მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა მდგომარეობამ კიდევ უფრო ფოკუსირებული ადგილი დაიკავოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგში. გარდა ამისა, გაეროს შესაბამისი ორგანოების, როგორიც არის, მაგალითად, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დღის წესრიგში. ამ მხრივ, ჩვენ, რასაკვირველია, ძალისხმევას არ დავიშურებთ და, რასაკვირველია, ეს ჩვენი, ეროვნული კუთხით უმთავრესი პრიორიტეტია. რაც შეეხება უშუალოდ ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგში არსებულ თემებს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, თქვენც თავად მოწმე ხართ ამ განხილვების. დღის წესრიგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაყოფილია თემატურ საკითხებად და ცალკეულ სახელმწიფოებთან მიმართებით დაკავშირებულ თემებთან. თემატური საკითხების ირგვლივ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები. მაგალითად, შეიძლება გამოვყო და დავასახელო იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, ქალთა და ბავშვთა უფლებები. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის წამების წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ სულ ახლახან  გავხდით წამების წინააღმდეგ კომისიის ინიციატივის წევრი და ერთგვარად ავიღეთ ვალდებულება, რომ გადავდგათ ნაბიჯები კონვენციისა და ოქმის პრომოუშენის მიმართულებით.

წელს სრულდება 10 წელი ადამიანის უფლებათა საბჭოს დაარსებიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის კარგი დრო იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ამ შემთხვევაში, საბჭოს წევრებმა თუ არაწევრებმა, მეტი ყურადღება მიაქციონ და დაუთმონ მსჯელობას იმაზე,  თუ რას მივაღწიეთ ამ 10 წლის განმავლობაში.  არის თუ არა ეს ორგანო ის, რის დაფუძნებასაც ჩავუყარეთ საფუძველი 10 წლის წინ, რამდენად შეასრულა ამ ორგანომ მისია, არის თუ არა გარკვეული ხარვეზები და თუ გვაქვს, როგორ უნდა  გამოვასწოროთ.

იგივე ეხება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის საკითხსაც. ყველა აღიარებს ამ ფორმატის ეფექტურობას, თუმცა არსებიობს გარკვეული ხარვეზებიც ამ მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ამ მიმართულებითაც არაფორმალური თუ ფორმალურ დისკუსიები აქ, ჟენევაში.

ჩვენ ასევე  საერთაშორისო მასშტაბის ყურადღებას მივაქცევთ ე.წ შავ ლაქებს –  იგულისხმება ტერიტორიები, სახელმწიფოს რეგიონები, სადაც ცენტრალური მთავრობის ეფექტური კონტროლი ვერ ხორციელდება. შესაბამისად, ამ რეგიონებში ისეთივე, თუ უფრო მეტი არა, მასშტაბებით ხდება ადამიანის უფლებათა დარღვევები, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო – ჩვენს შემთხვევაში არის მიზეზი რუსული ოკუპაცია, სხვა შემთხვევებში  სხვა მიზეზია-  საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმები უძლური არიან, რომ იქ თუნდაც მონიტორინგი აწარმოონ ადამიანის უფლებების მიმართულებაზე. ეს ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს. იმ სახელმწიფოებს ვგულისხმობ, რომლებიც ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგშია. მივიღეთ რეზოლუცია სირიაზე, რომელსაც ჩვენ როგორც მხარი დავუჭირეთ, ასევე მონაწილეობა მივიღეთ რეზოლუციის შემუშავებაში.

ასევე, წელს ამ სესიაზე არ არის უკრაინის რეზოლუცია, მაგრამ უკრაინის თემა აქტიურად განიხილება და სრულიად გასაგები მიზეზების გამო ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვერთვებოდით ამ თემაზე დისკუსიაში და ეს ჩართულობა კვლავაც ამ დონეზე გაგრძელდება.

საქართველო დაეთანხმა რეკომენდაციას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების გატარებაზე, რომლის თანახმადაც, უნდა გაძლიერდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა.  რეკომენდაციის თანახმად უნდა გაიზარდოს, მაგალითად, სახალხო დამცველის რეაგირების უფლება და მას შეეძლება დაჯარიმება ან სხვა სანქციების გამოყენება. დაეთანხმა საქართველო იმას, რომ ეს საკითხი აისახოს საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში.  საქართველოში თავის დროზე ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას და ამ წინააღმდეგობის გამო ის სუსტია. ახლა, საპარლამენტო არჩევნების წინ, რამდენად რეალურია მისი განხორციელება?

უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იმ შეფასებით, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ გააკეთა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღების გამო. თქვენ ალბათ მიადევნეთ თვალი ჩვენს UPR-ის განხილვებს. მე ვიტყოდი, რომ ცალსახა მხარდაჭერა იყო გამოთქმული საქართველოს მიმართ ამ კუთხით და ეს არაერთმა დელეგაციამ ღიად გააჟღერა UPR-ის განხილვების დროს. თქვენ ძალიან სწორად შენიშნეთ ასევე ის, რომ საქართველომ გადაწყვიტა თავის სამოქმედო გეგმაში შეიტანოს არა მხოლოდ თქვენ მიერ დასმულ საკითხთან მიმართებით, მიღებულ რეკომენდაციებზე ჩვენ მიერ აღებული დაპირებები. ეს ძალიან სერიოზული განაცხადიც არის, განცხადებაც, მე ვფიქრობ, სწორედ ისეთი, როგორიც უნდა გააკეთოს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა სახელმწიფომ. ჩვენ გავხდით ამ ორგანოს წევრი და მიგვაჩნია, რომ UPR-ის დროს მიღებული რეკომენდაციები სწორედ იმ კუთხით უნდა განვიხილოთ, რომ ეს დაეხმარება ჩვენი ადამიანის უფლებების ეროვნული დღის წესრიგის წინსვლას.

თქვენს კითხვას განხორციელებასთან დაკავშირებით, ის ნაწილობრივ უკვე განხორციელებულია, ნაწილობრივ – მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. განხორციელებულია და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის – სწორედ UPR-ის განხილვების დროს ძალიან ბევრმა დელეგაციამ მოგვიწონა და გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ომბუდსმენის ოფისის დაფინანსება, რამეთუ ძალიან ბევრ მიმართულებაზე მის ოფისს აკისრია მონიტორინგის ფუნქციები. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ეს არ დარჩება მხოლოდ სიტყვებად. ეს არის სერიოზული ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, გაეროს ადამაინის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შემდეგი 4.5 წელიწადის თავზე, როდესაც მოგვიწევს აღებულ რეკომენდაციებზე ჩვენი მოსაზრების და შესრულების სტატუსზე ინფორმაციის წარდგენა, რასაკვირველია, უნდა ჩავაბაროთ ანგარიში საბჭოს, თუ რა გავაკეთეთ აღებულ ვალდებულებებზე, მათ შორის, იმ საკითხზე, რაც თქვენ ბრძანეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

საქართველომ თანხმობა განაცხადა რეკომენდაციაზე, რომლის თანახმადაც, ლგბტ პირთა უფლებების დაცვა უფრო მეტად გაძლიერდება. კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერდება ძალისხმევა. ასევე, შვედეთის რეკომენდაციასთან დაკავშრებით გაკეთდა დათქმა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდება პასუხისმგებელი, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის იდენტიფიცირებაში პოლიციელები გადამზადდნენ.  

რამდენად შეძლებს საქართველო,  ეს ასახოს რეალობაში, მით უფრო, რომ არჩევნების წინ საქართველო აპირებს კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებისთვის დაქორწინება კონსტიტუციის დიონეზე იქნება აკრძალული?

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა  და  ალბათ იმავე ჭრილში ვუპასუხებდი, რაც თქვენს წინა კითხვას, რამეთუ ეხება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ასევე იმ დისკუსიებს, რომელიც 1 კვირის წინ სწორედ ჟენევაში შედგა. თქვენ ბრძანეთ, რომ შვედეთის რეკომენდაციას გამოეხმაურა საქართველოს დელეგაცია და გააკეთა ეს კონკრეტული განცხადება ამ მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ განცხადება – ეს არის ჩვენი ვალდებულება, რაც ვიტვირთეთ და რაც საქართველომ უნდა შეასრულოს უახლოესი შემდეგი ციკლის დასრულების პერიოდში, როდესაც საქართველო წარსდგება აქ მესამე ციკლის დასრულების დროს ანგარიშით მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე. აქ ერთ ელემენტზე გავამახვილებდი კიდევ ყურადღებას – თქვენთან დასაწყისში საუბრისას ვახსენე, არსებობს კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტი UPR-ის მექანიზმში, რომელიც გულისხმობს ნებაყოფლობითი შუალედური ანაგარიშის წარდგენას. მე ვფიქრობ, 2.5 წელიწადში საქართველო ამ ანგარიშსაც წარადგენს. ეს იქნება ძალიან ტრანსპარანტულ და აქტიურ რეჟიმში განხილული NGO-ებთან, ისევე, როგორც ეს იყო მეორე ციკლის დროს და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ამ წინამორბედ თუ სხვა რაკომენდაციებთან მიმართებით, რაც საქართველომ აიღო, იმ რეკომენდაციების შესრულებაზე ჩვენს საერთაშორისიო თანამეგობრობასაც და საქართველოს მოქალაქეებსაც წარვუდგინოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა გააკეთა ქვეყანამ. ასე რომ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ერთ რამეში – რომ ის ვალდებულებები, რაც ჩვენ ვიტვირთეთ, შესრულებადია და შევასრულებთ კიდევაც.

საქართველომ, როგორც უკვე წევრმა ქვეყანამ, კენჭისყრის დროს თავი შეიკავა ირანთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუციის მხარდაჭერისგან. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

თავად რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს ამ კონკრეტულ თემაზე აქვს პოზიცია, რომელიც ადრეც დაფიქსირებულა, გენერალურ ასამბლეაზეც და, ასე ვთქვათ, ხაზი გააგრძელა სამინისტრომ და გადავწყვიტეთ სწორედ ამ პოზიციის დაფიქსირება. ეს გამოწვეული არის როგორც რეგიონალური მდგომარეობით, საქართველოს ურთიერთობითა და, ასე ვთქვათ, რეგიონალური კონტექსტით ამ საკითხთან მიმართებით. ასე რომ, თუ თქვენ შეადარებთ გასული წლების კენჭისყრებს გენერალურ ასამბლეაზე, ეს არის ზუსტად იმ ხაზის გაგრძელება. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ მივადევნებთ ძალიან აქტიურად თვალს ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მიმიდინარე პროცესს ჩვენს სამეზობლოში თუ სამეზობლოს გარეთ და ვიქნებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში.

ბოლო კითხვა ისევ ხმის მიცემასთან დაკავშირებით – როგორი არის საქართველოს სტრატეგია – რას მისცეს ხმა, რას – არ მისცეს. გაქვთ თუ არა პრიოროტეტები?

რასაკვირველია, თემებზე მე უკვე გესაუბრეთ. რაც შეეხება კენჭისყრებზე პოზიციის დაფიქსირებას, ჩვენ ახლა გავხდით ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები, თუმცა ჩვენ ადრეც, როგორც არაწევრ სახელომწიფოს, გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ეს გამოიხატებოდა სხვადასხვა რეზოლუციების თანასპონსორობით. ანუ საქართველოსთვის როგორც თემატურად, ასევე სახელმწიფოებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო რეზოლუციებთან მიმართებით საქართველო ადრეც აფიქსირებდა პოზიციას. შესაბამისად, ეს ხაზი და მიმართულება შენარჩუნდა ახლაც და აისახება უშუალოდ კენჭისყრების პროცესში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი