ახალი ამბები

ადვოკატის დაკავება ჟურნალისტების თანდასწრებით[VIDEO]

29 ივლისი, 2011 • 1047
ადვოკატის დაკავება ჟურნალისტების თანდასწრებით[VIDEO]

ადვოკატი, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, პოლიციაში გამოცხადდა.

გუშინ, 28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10– დღიანი პატიმრობა შეუფარდა ადვოკატ რამინ პაპიძეს, რომელიც  21 მაისის აქციის დროს დაკავებულთა ინტერესებს იცავს. პაპიძეს ბრალი სასამართლოს პროცესის მსვლელობის დარღვევაში დასდეს.

ინციდენტი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 28 ივლისს, დაკავებულთა სასამართლო პროცესზე მოხდა. რამინ პაპიძე ითხოვდა მოსამართლე ვერა დოლიძის აცილებას. თვითმხილველთა მონათხრობის თანახმად, მოსამართლემ ადვოკატს შეურაცხოფა მიაყენა და დააჯარიმა. ადვოკატმა ზემოთაღნიშნულის შესახებ სხდომის ოქმში ჩაწერა მოითხოვა. ამ დროს მას მისცვივდნენ მანდატურები და ცემა დაუწყეს.  რამდენიმე საათის შემდეგ რამინ პაპიძე სასამართლოში დაიბარეს.

რამინ პაპიძის სასამართლო პროცესი გუშინ, საღამოს 7 საათზე შედგა. პროცესს პაპიძე არ ესწრებოდა, მის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი შავაძე იცავდა.

მას შემდეგ, რაც რამინ პაპიძეს პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით უწყება ჩააბარეს, იგი რეგიონალურ ტელევიზია TV 25 -ში გადაცემა „დიალოგის“ სტუმარი იყო, სადაც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის, მზად არის კანონს დაემორჩილოს.

გადაცემის დასრულების შემდეგ რამინ პაპიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ  თავისი ფეხით აპირებს წასვლას პოლიციის განყოფილებაში: „მე ვარ უდანაშაულო, ფაქტიურად უკანონოდ იქნა გამოყნებული ჩემ მიმართ ეს სანქციები და ვაცხადებ მშრალ შიმშილობას.  გამოტანილია და კანონიერ ძალაშია ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილება, ამიტომ არავითარი მოტივაცია არ მაქვს, დავიმალო, პატიმრობიდანაც გავაგრძელებ ჩემი სამართლებრივი უფლებების დაცვას. 48 საათის განმავლობაში აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. თუ არ მივიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას, მივმართავ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჩემი უფლებების დასაცავად. “

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება, პაპიძემ განაცხადა, რომ მის მიმართ პროფესიული დევნა ხორციელდება: „იმიტომ, რომ მე 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს და ასევე სხვა საქმეებს ჩამოვშორდე. ჩემი პროფესიული პრინციპებიდან გამომდინარე, ჯარიმებისა და უკვე  ასეთი სასჯელის საშულებითაც ცდილობენ, უარი ვთქვა ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე. ადვოკატის პროფესიაზე ამ ეტაპზე უარის თქმას მე არ ვაპირებ.“

პაპიძეს ტელეკომპანია TV25 -იდან ჟურნალისტების თანხლებით ბათუმის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოცხადდა, სადაც დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მედიის თანდასწრებით დააკავეს.

ადვოკატ რამინ პაპიძეს პატიმრობის ვადა 8 აგვისტოს იწურება. სწორედ ამ დღეს გაიმართება 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი. პაპიძე მათი ინტერესების დაცვას გააგრძელებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი