ახალი ამბები

ბადრი ბიწაძის სასამართლო დღეს გაიმართება

29 ივლისი, 2011 • • 1134
ბადრი ბიწაძის სასამართლო დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 29 ივლისს, ნინო ბურჯანაძის ქმრის, ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა იწყება. მხარეთა მოთხოვნის შედეგად, ბიწაძის პროცესის განმავლობაში, ჯამში 60-ზე მეტი მოწმე უნდა დაიკითხოს, მათ შორისაა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშილი.

ბიწაძის ადვოკატის, ლევან სამუშიას ინფორმაციით, ახალი საპროცესო კოდექსის შესაბამისად სასამართლო დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვებით დაიწყება. “შესაძლოა, ბრალდებამ მოწმის დაკითხვაც მოითხოვოს, თუმცა, ეს ნაკლებსავარაუდოა,” – განუცხადა ლევან სამუშიამ ნეტგაზეთს. მისი თქმით, „ბადრი ბიწაძის საქმეში ფარული ვიდეოჩანაწერისა და აღიარებითი ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებები არ დევს.“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული. ესაა დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცავებმა 2011 წლის 30 მაისს დაიწყეს. პროკურატურამ სასამართლოს 31 მაისს მიმართა შუამდგომლობით და ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა 1 ივნისს დააკმაყოფილა, თუმცა ბიწაძემ თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მასზე დაპატიმრების სანქცია გაიცა და 19 ივნისს ძებნაც გამოცხადდა.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის სამართლებრივი დევნა „შეფიცულთა რაზმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გია უჩავას დაკავებისა და 27 მაისს მისი აღიარებითი ჩვენების გავრცელების შემდეგ დაიწყო. ამავე დღეს გამოქვეყნდა ფარული ვიდეოჩანაწერები, სადაც ბადრი ბიწაძე და მისი თანამოაზრეები ერთ-ერთ რესტორანში შეფიცულთა რაზმის გეგმებზე და მოსაწყობ არეულობებზე საუბრობენ.

ბიწაძის ადვოკატის, ლევან სამუშიას თქმით, ტელევიზიით გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები სისხლის სამართლის საქმეში თავიდანვე არ იდო.

„ვიდეომასალის გადმოცემის თხოვნით თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართე, თუმცა ჩემი განცხადება უპასუხოდ დატოვეს. შემდეგ სასამართლოსგან მოვითხოვე შესაბამისი განჩინების  გამოტანა, თუმცა სასამართლომ დაუსაბუთებლად უარით მიპასუხა. იმპერატიულად, კანონი ავალდებულებდა გადმოცემას. შემდეგ სააპელაციოში გავასაჩივრეთ და სააპელაციომაც უარი გვითხრა,“ – უთხრა ლევან სამუშიამ ნეტგაზეთს – “ბრალდება, როგორც ჩანს, გამოუვალ მდგომაროებაში აღმოჩნდა. საქმის მასალების გაცვლის ბოლო ვადა იყო 13 ივლისი და ეს ვიდეოებიც 13 ივლისს ჩადეს საქმეში. მე  ბოლო დღეს გადმომცეს ეს ფარული ვიდეოჩანაწერები თავისი კრებსებით. მინდა გითხრათ, რომ დეტალურად შევისწავლე და არანაირი, საერთოდ, მინიშნებაც კი რაიმე კანონსაწინააღმდეგოზე არ არის,“ – ამბობს ბიწაძის ადვოკატი.

მისივე თქმით, ბადრი ბიწაძის საქმეში ტელევიზიებით გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერის, გია უჩავას და კიდევ 3 ადამიანის აღიარებითი ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ დევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი