ახალი ამბები

ლორთქიფანიძე: ერთდროულად ორი შეყვარებული თუ ჰყავს ადამიანს, მხარს ვერ დავუჭერ

25 მარტი, 2016 • 3229
ლორთქიფანიძე: ერთდროულად ორი შეყვარებული თუ ჰყავს ადამიანს, მხარს ვერ დავუჭერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დათო ლორთქიფანიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მეჭიაურის განცხადების პათოსს “გაჭრით” არ იზიარებს. მისი თქმით, საზოგადოებამ თვითნ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

“განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში, არჩევით თანამდებობებზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი არჩევნებზე,” – განმარტავს ლორთქიფანიძე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი, თუმცა ასევე არის მორალი, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

“მე ვთქვი და ვიმეორებ, ყველა შეყვარებულს მხარს დავუჭერ, მაგრამ ორი შეყვარებული როცა არის ერთად, იმას მხარს ვერ დავუჭერ.”

კითხვაზე, თუ ვისი მისამართით აკეთებდა ორი შეყვარებულის შესახებ განცხადებას, დეპუტატი იმეორებს: “ერთდროულად ორი შეყვარებული თუ ჰყავს ადამიანს, მხარს ვერ დავუჭერ.”

ჟურნალისტის კითხვაზე, ფლობს თუ არა დამატებით ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებზე, დეპუტატი პასუხობს: “მე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. მე გეუბნებით ჩემს პოზიციას ამასთან დაკავშირებით. მე პოლიტიკოსი ვარ. არ ვარ გამომძიებელი და პროკურორი. ასე რომ, არა მაქვს დამატებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია.”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ კომპრომატები არსებობს და ამ კომპრომატებს მათგან საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, მაშინ თანამდებობები უნდა დატოვონ.

 

დათო ლორთქიფანიძე, უმრავლესობის დეპუტატი. სქრინი: რუსთავი 2

დათო ლორთქიფანიძე, უმრავლესობის დეპუტატი. სქრინი: რუსთავი 2

 

“მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა,” – ამ სიტყვებით დათო ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას მიმართა. 14 მარტს გავრცელებულ ვიდეოს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იმ დღესვე საკუთარ გადაცემაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას შანტაჟის არ ეშინია და ვერანაირი შანტაჟით გააჩუმებენ.

გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ ხელისუფლებას საქმე სახუმაროდ არ აქვს. მისივე განმარტებით, ეს საკითხი ძალიან მძიმეა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს გადაცემის მიმდინარეობისას ბოდიში არ მოუხდია, მეტიც, ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ამ განცხადებით გრიგოლიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ინგა გრიგოლია და დათო ლორთქიფანიძე, სქრინი: TV Pirveli

ინგა გრიგოლია და დათო ლორთქიფანიძე, სქრინი: TV Pirveli

 

 

სავარაუდოდ ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრები ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა youtube-ზე 11 მარტს. Youtube.com-ზე 14 მარტს ასევე გამოქვეყნდა მეორე ვიდეომასალაც, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

ორივე ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლკის კოდექსის 157-ე მუხლითდაიწყო. საქართველომ გამოძიებაში დახმარებისთვის FBI-საც მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი