ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლოს ეზოში თავისუფალი ზონის ორი წევრი დააკავეს

25 მარტი, 2016 • 1302
სააპელაციო სასამართლოს ეზოში თავისუფალი ზონის ორი წევრი დააკავეს

დღეს, 25 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში თავისუფალი ზონის ორი წევრი დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაპირისპირება თავისუფალი ზონის, კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულთა ახლობლებსა და ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლებს შორის მოხდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ მხარეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. როგორც რუსთავი 2 იუწყება, დაპირისპირება ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებსა და ცააძის ახლობლებს შორის სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისპირება განმეორდა მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.

როგორც რუსთავი 2 იუწყება, დაკავებული პოლიციელების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით მიმდინარეობს.

კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა სააპელაციოში ბრალდების შუამდგომლობით 13 მაისს გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი