ახალი ამბები

მგზავრობის ტარიფის გასაიაფებლად “მომავალი საქართველო” ხელისუფლებას ორშაბათამდე აძლევს ვადას

27 ივლისი, 2011 • 980
მგზავრობის ტარიფის გასაიაფებლად “მომავალი საქართველო” ხელისუფლებას ორშაბათამდე აძლევს ვადას

იმ შემთხვევაში, თუკი თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური ისევ 50 თეთრამდე არ გაიაფდება,  ორშაბათიდან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაიწყება. ამის თაობაზე დღევანდელ ბრიფინგზე პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა.

ლაღიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით  გუშინ დაუკავშირდა თბილისის მერიის ტრასნპორტის სამსახურის უფროსს, აკაკი ჯოხაძეს, რომელიც, თავის მხრივ, შეხვდა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობასა  და სამარშრუტო ხაზების მფლობელებს. ლაღიძის ინფორმაციით, ჯოხაძემ მათ მგზავრობის ტარიფის შემცირების რეკომენდაცია მისცა, რომლის დაკმაყოფილებაც, მისი თქმით, გარკვეულ დროს მოითხოვს.

“სიტუაცია კრიტიკულია და ჩვენ ხელისუფლებას ვადას ორშაბათამდე ვაძლევთ,” – განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობა 50–დან 80 თეთრამდე 17 ივლისიდან გაძვირდა. თავდაპირველად ეს მხოლოდ 4 ნომრის ყვითელი ფერის ახალ სამარშრუტო ტაქსებს შეეხო, თუმცა მალევე სხვა ხაზებზე მოძრავმა “მარშრუტკებმაც” სხვადასხვა მიზეზით გააძვირეს მგზავრობის საფასური.

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ 4 კომპანიას (”თბილლაინს”, ”თბილქარს”, ”კაპიტალგრუპს” და ”ფაბლიქ ქარს”) ”თბილისის მიკროავტობუსი” აერთიანებს, რომელმაც 2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებულ სამარშრუტო ტაქსებს ახალი, ყვითელი ფერის, “ფორდის” მარკის მიკროავტობუსები უნდა ჩაანაცვლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი