ახალი ამბები

ლორთქიფანიძის “ხუმრობა” პირადი ცხოვრებით დაშანტაჟების კონტექსტში

25 მარტი, 2016 • 2114
ლორთქიფანიძის “ხუმრობა” პირადი ცხოვრებით დაშანტაჟების კონტექსტში

“მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა,” – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დათო ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას მიმართა.

ინგა გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებას საქმე სახუმაროდ არ აქვს. მისივე განმარტებით, ეს საკითხი ძალიან მძიმეა. პირდაპირ ეთერში მან ლორთქიფანიძეს ასე მიმართა:

“ამ თემაზე აუცილებლად დაგისვამთ კითხვას, რახან ასეთი ტექსტით დაიწყეთ ჩემთან საუბარი. პატარა ვითომ რეპლიკა, ვითომ ხუმრობანარევი, თუმცა ეს ძალიან მძიმე თემაა და არ მგონია, ხელისუფლების გუნდი დღეს მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში იყოს, როცა ქვეყანაში კაციშვილმა არ იცის, ვინ ახდენს მორალურ ტერორს ადამიანებზე. არ ვთვლი, რომ ხელისუფლებას ან გამოძიებას ამ წუთებში სახუმაროდ აქვს საქმე.  ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ გვაქვს პირადი ცხოვრება. ეს ფრაზა იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, ჩვენი პირადი ცხოვრებით დაგვაშანტაჟოს.”

დათო ლორთქიფანიძეს გადაცემის მიმდინარეობისას ბოდიში არ მოუხდია, მეტიც, ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ამ განცხადებით გრიგოლიას მხარდაჭერა გამოუცხადა:

“მე აბსოლუტურად მხარდაჭერის პოზიციიდან გეუბნებით და  არანაირი ირონია არ ყოფილა ამაში.”

“ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის წარმომადგენელი მხარს უჭერდეს ისეთ გაბედულ განცხადებებს, როგორიც ინგა გრიგოლიამ გააკეთა, ჩვენ ვხედავთ დამცინავ, უნიჭო ღლიცინს, ქილიკს, უადგილო, უაზრო ხუმრობას ამ საკიხზე,” – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დათო ლორთქიფანიძის მიმართვას ინგა გრიგოლიასადმი.

სავარაუდოდ ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრები ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა youtube-ზე 11 მარტს. Youtube.com-ზე 14 მარტს ასევე გამოქვეყნდა მეორე ვიდეომასალაც, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

ორივე ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლკის კოდექსის 157-ე მუხლითდაიწყო. საქართველომ გამოძიებაში დახმარებისთვის FBI-საც მიმართა.

14 მარტს გავრცელებულ ვიდეოს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იმ დღესვე საკუთარ გადაცემაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შანტაჟის არ ეშინია:

„დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სხვებთან ერთად, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მე ინგა ვარ, გრიგოლია – ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი