ახალი ამბები

ეკა გიგაური მეჭიაურის განცხადებას არაეთიკურს და არასახელმწიფოებრივს უწოდებს

25 მარტი, 2016 • 1375
ეკა გიგაური მეჭიაურის განცხადებას არაეთიკურს და არასახელმწიფოებრივს უწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაეთიკურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

როგორც გიგაურმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, არსებობს ეთიკასთან დაკავშირებით რეგულაციები და მსგავს განცხადებებს უნდა მოჰყვეს რეაგირება პარლამენტის მხრიდან.

„თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე ვიტყოდი, რომ ფაქტიურად იგი ხდება იმ ჯგუფის თანამონაწილე, რომლებმაც ატვირთეს ის კადრები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ფაქტიურად, იგი ამბობს, რომ იმ შანტაჟს, რომელზეც საუბრობს ეს ჯგუფი, საზოგადოება უნდა აყვეს. ეს არ არის სწორი, ეს არ არის ეთიკური და ეს არ არის სახელმწიფოებრივი. ვფიქრობ, რომ ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს პარლემენტის მხრიდან. არსებობს ეთიკასთან დაკავშირებული რეგულაციები. შესაბამისად, ამ მიმართლებით პარლამენტმა, როგორც საკანონმდებლო ორგანომ, უნდა მოახდინოს რეაგირება,“ – აცხადებს ეკა გიგაური.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ კომპრომატები არსებობს და ამ კომპრომატებს მათგან საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, მაშინ თანამდებობები უნდა დატოვონ.

სავარაუდოდ ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრები ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა youtube-ზე 11 მარტს, Youtube.com-ზე 14 მარტს ასევე გამოქვეყნდა მეორე ვიდეომასალაც, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

ორივე ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლკის კოდექსის 157-ე მუხლითდაიწყო. საქართველომ გამოძიებაში დახმარებისთვის FBI-საც მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი