ახალი ამბები

ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამება მთავრობის სხდომაზე

26 ივლისი, 2011 • • 1116
ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამება მთავრობის სხდომაზე

26 ივლისის მტავრობის სხდომა
26 ივლისის მტავრობის სხდომა

დღეს თბილისში გამართულ მთავრობის სხდომაზე სულ ცხრა მინისტრი იმყოფებოდა, განსახილველად კი 33 საკითხი იყო გამოტანილი. სხდომის დაწყებმადე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ვერა ქობალიასთან ერთად ბოლო ექვსი თვის ეკონომიკური აქტივობის შედეგები შეაჯამა და ჟურნალისტებს გააცნო.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2011 წლის პირველი ექვსი თვის ეკონომიკური მაჩვენებლების დაჯამება მიმდინარეობს და უფრო ზუსტ მონაცემებს ხელისუფლება  საზოგადოებას  მოგვიანებით გააცნობს.

ნიკა გილაურის ინფორმაციით, იმპორტი საქართველოში გაზრდილია 34%-ით, რაც შეეხება ექსპორტს, მისი ზრდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 44%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავარ საექსპორტო პარტნიორებად რჩებიან ევროკავშირი, უკრაინა, თურქეთი და აზერბაიჯანი.

„რაც შეეხება მთავარ საექსპორტო პროდუქტებს, აქ პირველ ადგილზეა ავტომობილები – ჩვენი ექსპორტის 23% სწორედ ავტომობილებზე მოდის. გარდა ამისა, ფეროშენადნობი მასალები, აზოტოვანი სასუქები, ოქრო, ჯართი  და გადამუშავებული  არმატურა- აი, ეს არის ჩვენი ძირითადი საექსპორტო პროდუქცია,“- განაცხადა ნიკა გილაურმა.

ნიკა გილაურის აზრით,  ქვეყნისთვის იმპორტზე უფრო ექსპორტის ზრდა არის მნიშვნელოვანი.

„ეკონომიკის მთავარ პრობლემას სწორედ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი წარმოადგენს. ჩვენ იმედი გავაქვს, რომ ეს უარყოფითი ბალანსი დროთა განმავლობაში შემცირდება. ამას სჭირდება დიდი მუშაობა, განსაკუთრბეით საექსპორტო ბაზრებზე,“- მიაჩნია პრემიერ-მინისტრს.

მისივე თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნადაა შემცირებული  ინფლაციის მაჩვენებელი.  პრემიერის ინფორმაციით, ორი თვის წინ 12-თვიანი ინფლაციის მაჩვენებლი  დაფიქსირდა 14.3%-ზე. გასულ თვეს კი ეს ციფრი 10%-ზე ჩამოვიდა.  მთავრობის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ  ინფლაციის მაჩვენებელი ივლისის თვეში 8.5%-დან 9%-მდე შემცირდება.

გილაურს სჯერა, რომ ინფლაციის კლების ტენდენცია გაგრძელდება და ეს მაჩვენებელი აგვისტოს თვეში კიდევ უფრო შემცირდება.

„ ჩვენ სწორედ ასეთი მოლოდინი გვქონდა. ჩვენ სწორედ ასე დავგეგმეთ წლის დასაწყისში, როცა ინფლაცია იყო პიკში.  საზოგადოებას სწორედ მაშინ უჭირდა გაზრდილი ფასების გამო. ჩვენ მაშინ დავარიგეთ სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები და ამის შემდეგ ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ინფლაციის მაჩვენებლი შემცირდებოდა და სურსათი გაიაფდებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, რაც ასე მოხდა და  ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება მომდევნო თვეებში,“ – განაცხადა ნიკა გილაურმა

აღნიშნულ საკითხზე საუბრის შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვერა ქობალიას სთხოვა უახლესი ინფორმაციის გაცნობა ტურისტული სეზონის მიმდინარობასთან დაკავშირებით.

ვერა ქობალიას ინფორმაციით, 2011 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა. მისი თქმით, ქვეყანაში უკვე შემოსულია თითქმის 1 200 000 ადამიანი, ხოლო აჭარის რეგიონში სასტუმროები 80%-ით არის დატვირთული.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ  სხვადასხვა ღონისძიებების დროს აჭარაში საოჯახო სასტუმროებიც კი 100%-ით არის დატვირთული. მინისტრის ინფორმაციით, პირველ 5 ადგილზე ტურისტების რაოდენობის მხრივ არი  თურქეთის, შემდეგ აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა.  ვიზიტორთა ყველაზე დიდი ზრდა კი არის ირანიდან და ისრაელიდან.  ვერა ქობალიას თქმით, ამ ქვეყნებიდან  220%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული, რასაც აღნიშნულ ქვეყნებში პირდაპირი ავიარეისების დაინიშვნას უკავშირებს. მინისტრის თქმით, ვიზიტორთა რაოდენობის ასევე დიდი ზრდა არის როგორც ყაზახეთიდან, ისე ჩინეთიდან.

„ჩვენი მიზანია, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ ჩვენი კამპანიები და ამ ქვეყნებიდან ველოდებით ტურისტების რაოდნეობის ზრდას. აგვისტო-სექტემბერი ჩვენთვის ყველაზე დატვირთული სეზონია და ამ პერიოდში ველოდებით ყველაზე მეტ ტრისტს, წლის ბოლომდე კი ჯამში 3 მილიონ ტურისტს ველოდებით,“- განაცხადა ვერა ქობალიამ.

მისი თქმით, რადგან აჭარაში სასტუმროები უკვე 100%-ით არის დატვირთული,  ეს ფაქტი უცხოელ ინვესტორებს საქართველოში ინვესტირების დამატებით მოტივაციას უქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი