ახალი ამბები

ქორწინების შესახებ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის სახალხო განხილვის განრიგი

24 მარტი, 2016 • 1245
ქორწინების შესახებ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის სახალხო განხილვის განრიგი

პარლამენტმა “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების განრიგის სამუშაო ვარიანტი გაასაჯაროვა.

25 მარტი, 16:00 სთ. – თელავი; 28 მარტი,  17:00 სთ. – რუსთავი;  31 მარტი, 15:00 სთ. – ზუგდიდი;  2 აპრილი, 13:00 სთ. – ბათუმი;  2 აპრილი, 15:00 სთ. – ოზურგეთი;  5 აპრილი,  14:00 სთ. – ახალციხე; 6 აპრილი,  12:00 სთ. – თბილისი;  6 აპრილი, 15:00 სთ. – გორი;  7 აპრილი,  13:00 სთ. – ყაზბეგი;  8-9 აპრილი,  – მესტია;  14 აპრილი, 15:00 სთ. – ამბროლაური; 15 აპრილი,  11:00 სთ. – ქუთაისი.

საორგანიზაციო კომისიის წევრები არიან: მანანა კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე) ;  გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;  გიორგი ვოლსკი – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;  ეკა ბესელია – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;  გიგა ბუკია – ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე; გოჩა ენუქიძე – ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარე; კახაბერ ოქრიაშვილი – ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე; გიორგი თოფაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე; ზურაბ ტყემალაძე – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; გედევან ფოფხაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გიორგი ცაგარეიშვილი – ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი; გიორგი გაჩეჩილაძე – პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი; ვაჟა აზარაშვილი – კომპოზიტორი; მერაბ თავაძე – საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; ნანა ჭიღლაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი.

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ უჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა .

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი