ახალი ამბები

მეჭიაურის აზრით, თუ პოლიტიკოსს კომპრომატით აშანტაჟებენ, თანამდებობა უნდა დატოვოს [Video]

24 მარტი, 2016 • 1680
მეჭიაურის აზრით,  თუ პოლიტიკოსს კომპრომატით აშანტაჟებენ, თანამდებობა უნდა დატოვოს [Video]

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ კომპრომატები არსებობს და ამ კომპრომატებს მათგან  საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, მაშინ თანამდებობები უნდა დატოვონ:

“თუ უმაღლესი თანამდებობის პირზე რაიმე კომპრომატი არსებობს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მის დასაშანტაჟებლად და ამ შანტაჟის გზით მისგან შეიძლება მიიღონ საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ან ამ თანამდებობის პირს მიაღებინონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს დააზიანებს, მაშინ მათი გადადგომა უნდა მოხდეს,”- ამბობს მეჭიაური და ამტკიცებს, რომ ასეთი მიდგომა ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულია.

მისივე სიტყვებით,  “ადამიანი ოჯახს ღალატობს თუ არა, ამის განმსჯელი ჩვენ არ ვართ, თვითონ უნდა გაარკვიონ  თავის ოჯახში, და ბოლოს ღმერთთან გაარკვიონ იქ, როცა ამის დრო მოვა.”

დეპუტატი  აცხადებს, რომ თუ მასზეც არსებობს ისეთი კომპრომატი, რომლითაც შეიძლება დააშანტაჟონ, დაკავებულ თანამდებობას დატოვებს:

“მაგრამ ჩემზე რა კომპრომატი შეიძლება ჰქონდეთ? შეიძლება ერთ ადამიანს ვაწყენინო მაგით, მე იმითი ვერავინ დამაშანტჟებს, თუკი ასეთი რამე შეუძლიათ გადაიღონ.”

თამაზ მეჭიაური პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას გმობს და ამბობს, რომ სხვისი პირადი ცხოვრების გადაღება მდაბიო ქმედებაა:

“პირველ რიგში, ცალსახად დავგმე ის, რაც მოხდა, და ეს არც იურიდიულად, არც ზნეობრივად, ეს არც წმინდა კაცურად შეიძლება ხდებოდეს. ძალიან მდაბიო საქციელია, ვიღაც ვინმეს საძინებელში აწარმოებდეს გადაღებას და ეს ხალხი უნდა დაისაჯოს – ყველა, ვინც შექმნა ვიდეოარქივი, ვინც მოახდინა ტირაჟირება და დღემდე ვინც აგრძელებს გავრცელებას.”

მეჭიაურის მტკიცებით,  კადრების გავრცელება ხელისუფლების ინტერესში არაა, ამ მოსაზრების გასამყარებლად მეჭიაური შემდეგ არგუმენტს ასახელებს:

“ხელისუფლებას რომ შანტაჟის სურვილი ჰქონოდა, ამას ისე გააკეთებდა, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა, დაუძახებდნენ, აჩვენებდნენ და ყველა ნებაყოფლობით დატოვებდა თანამდებობას, თუ ვინმეს კადრების გამოყენებით უნდოდა ვინმეს გამოყენება. დასჯილი უნდა იყოს ყველა, ვინც დამნაშავეა.”

“ნეტგაეზთის” კითხვაზე, მისი განცხადება გადადგომის თაობაზე არის თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წახალისება, დეპუტატი პირდაპირ არ პასუხობს:

“თქვენ პროვოკაციას მიწყობთ აქ, თუ რა არის? როგორც გინდათ, ისე გადაწყვიტეთ. მე გითხარით ჩემი აზრი და როგორც გინდათ, ისე დაწერეთ.”

მეჭიაური მიიჩნევს, რომ საარჩევნო სიების შედგენისას კონკრეტულ პირებზე არსებულ ფარულ ჩანაწერებს “გინდა თუ არა, გაითვალისწინებ” :

“თუ ხედავ იმას, რომ პიროვნება, რომელიც ხვალ უმაღლეს თანამდებობაზე გინდა დანიშნო და არსებობს  მასზე მაკომპრომატირებელი მასალა, გინდა თუ არ გინდა, ამას გაითვალისწინებ. მე არ ვიძახი, რომ ასეთი პირები აუცილებლად უნდა გადადგნენ, მე ვამბობ, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს. ამ კადრების გამოქვეყნება ზოგიერთებმა ისე გაიგეს, რომ ლამის გმირებად წარმოადგინეს ზოგიერთის საქციელი, რომლებიც თანამდებობას იკავებენ. ეს მე არ მიმაჩნია სწორად.”

მისივე თქმით, ადამიანმა უნდა იცოდეს, ვის ირჩევს:

“არ უნდა იცოდეს, ვის უხდის ფულს? ვის უხდის ფულს, ვინ უნდა მართოს მის მაგივრად ეს ქვეყანა? როგორი ცხოვრებით ცხოვრობს, რაღაც დოზით უნდა იცოდეს. არ ვიძახი, რომ საწოლში რას აკეთებს, ის იცოდეს, და მერე ამომრჩევლის გადასაწყვეტია, აირჩევს თუ არა.”

 

სავარაუდოდ ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრები ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა youtube-ზე 11 მარტს, Youtube.com-ზე 14 მარტს ასევე გამოქვეყნდა მეორე ვიდეომასალაც, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

ორივე ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლკის კოდექსის 157-ე მუხლითდაიწყო. საქართველომ გამოძიებაში დახმარებისთვის FBI-საც მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი