ახალი ამბები

კახიანის განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე

24 მარტი, 2016 • 1719
კახიანის განმარტება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის  25-ე მუხლის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. ასეთი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ ბევრ შემთხვევაში მიიღო, მათ შორის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარჩელებთან დაკავშირებით. ეკა ბესელიას კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით,  ცვლილებები ამ მუხლშიც შედის, კერძოდ:

“თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე, პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების, ან შეჩერებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება კანონში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. კერძოდ, კახიანი განმარტავს, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს წარმოებაში ღებულობს და სადავო ნორმის მოქმედებას აჩერებს, საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა რამდენიმე წლის მანძილზე არ გამოიტანოს. შესაბამისად, მისი აზრით, ამან შეიძლება სხვა უარყოფითი შედეგები მოიტანოს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და კოლეგიის მიღებულ გადაწყვეტილებებს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა, განსხვავებული არის საკითხები, რომლებსაც პლენუმი და კოლეგია განიხილავს.   უბრალოდ, პლენუმში სასამართლოს ცხრა წევრია და კოლეგიაში- ოთხი. პლენუმის შემთხვევაში ხმების მეტი რაოდენობაა საჭირო და, როგორც ჩანს, ინიციატორი მიზნად ისახავს იმას, რომ სასამართლოს განსახილველი ნორმის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს მეტი წევრისთვის იყოს მისაღები. შეჩერება თეორიულად დიდი ხანი შეიძლება გაგრძელდეს იმიტომ, რომ სასამართლოს ნორმის შეჩერება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეუძლია. ამან შეიძლება სხვა უარყოფითი შედეგები წარმოშვას სხვადასხვა ურთიერთობებისთვის,” – ამბობს კახიანი.

კანონპროექტის მიხედვით,  “სამართალწარმოების შესახებ” კანონის 32-ე მუხლს უნდა  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან დასკვნას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით უნდა დაერთოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ხელმოწერა და, არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი.“.

ასევე, “სამართალწარმოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად,  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან.

თუმცა საკანონმდებლო მაცნეს  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაბლოკვის საშუალება ეძლევა, კერძოდ, გადაწყვეტილების  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებაზე უარი დასაშვებია, თუ ის გამოსაქვეყნებლად ამ კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნების დარღვევით არის წარდგენილი.“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ გამოქვეყნების თაობაზე ამ კანონპროექტის ნაწილი არის სარისკო და მიუღებელი:

“არის მთელი რიგი საკითხები, რაც ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მარგამ ვთვლი, რომ საკანონმდებლო მაცნეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა. ვფიქრობ, ეს ნაწილი ბოლომდე შესაბამისობაში არ არის კონსტიტუციასთან. ამ შეკითხვებს დავსვამ საკომიტეტო მოსმენაზე. ” – ამბობს კორძაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი