ახალი ამბები

დღეს პარლამენტში თამარ ქალდანის ანგარიშს მოისმენენ

24 მარტი, 2016 • 1370
დღეს პარლამენტში თამარ ქალდანის ანგარიშს მოისმენენ

დღეს, 24 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეების  გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიშს მოისმენენ. როგორც სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა,  ხელისუფლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუციონალურ მნიშვნელობას აღიარებს:

“ალბათ კითხვები მოხსენების შინაარსიდან გამომდინარეც დაისმება,  კითხვები იქნება ფარულ მოსმენებთან, ფარული ვიდეოჩანაწერების გამჟღავნებასთან დაკავშირებით და მის ხედვებს მოვისმენთ, პერსპექტივაში რა პრევენციული ღონისძიებები შეუძლია შემოსთავაზოს პარლამენტს იმისათვის, რომ სამართლებრივად რაღაც შევცვალოთ და უფრო დაცული იყოს მოქალაქე.”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი ამბობს, რომ პარლამენტს ინფორმაციას ორი მიმართულებით მიაწვდიან:

“პირველი საკითხია 2015 წლის განმავლობაში არსებული ძირითადი გამოწვევები და საფრთხეები და მეორე საკითხი, ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობა, გამოვლენილი დარღვევები და ღონისძიებები, რომლებიც გავატარეთ. პრინციპში, ანგარიში ყოვლისმომცველია, ” -ამბობს ქალდანი და აღნიშნავს, რომ ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს.

ქალდანი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომლებიც ჯერ არ გადაჭრილა:

“მთვარ პრობლემად რჩება მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაუცველობა, ხშირად აქვს ადგილი იმაზე მეტი ინფორმაციის დამუშავებას, ვიდრე ეს კანონიერი მიზნისთვის არის საჭირო.”

კომიტეტების გაერთინებული სხდომა 2 საათზეა ჩანიშნული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი