ახალი ამბები

მეჭიაურის აზრით, საარჩევნო კოდექსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას არათანაბარ პირობებს უქმნის

22 მარტი, 2016 • 1390
მეჭიაურის აზრით,  საარჩევნო კოდექსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას არათანაბარ პირობებს უქმნის

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მოქმედი საარჩევნო კოდექსი სახელისუფლებო და ოპოზიციურ კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებს. მისივე თქმით,  კანონმდებლობა იძლეოდა საშუალებას, რომ  საგარეჯოს არჩევნებში სახელმწიფო  რესურსი სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ყოფილიყო გამოყენებული:

“კანონმდებლობა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო-სახელისუფლებო რესურსი ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ ყოფილიყო გამოყენებული და მიღწეულიყო შედეგი, რაც ხელისუფლებას სურდა,” –  ამბობს მეჭიაური.

მეჭიაურის განმარტებით,  ე.წ. სპეცუბნები და მთავრობის წევრების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის საკითხი დასარეგულირებელია:

“მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვსაუბრობ  საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც სახელისუფლებო რესუსრსის ჭარბად გამოყენების საშუალებას იძლევა. მაგალითად, იგივე პრემიერ-მინისტრის, მინისტრების ჩართულობა წინასაარჩევნო აგიტაციაში არ მიმაჩნია სწორად. საერთოდ, შეზღუდვა გამოირცხულია, მაგრამ რაღაც ჩარჩოებში უნდა მოექცეს.  იგივე სპეცუბნების საკითხი.”

დეპუტატის თქმით, მას საგარეჯოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ჩატარებული გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება:

“მე საკმაოდ მაღალი აზრის ვარ იმ ხალხის კვალიფიკაციაზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობდნენ. მე  მგონია, რომ ისინი ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე გამოიყენებდნენ იმ საშუალებას ისე, რომ შედეგი მიღწეული ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, არ შემიძლია ეჭვი შევიტანო გამოძიების ობიექტურობაში”.

მეჭიაური მიიჩნევს, რომ “ასეთი სახის გამარჯვებას მორალური კმაყოფილება ნაკლებად მოაქვს და ამისათვის საჭიროა ის კანონმდებლობა შეიცვალოს, რომელიც ასეთ არათანაბარ პირობებში აყენებს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო კანდიდატებს”:

“ისეთი სიტუაციაა, სულ არჩევნებში ვარ და მქონია შემთხვევა, როცა კანონის ფარგლებში ისეთი გადაწყვეტილების მიღება შემეძლო, რომელიც იმ არჩევნებს იმ წუთშივე ჩემს სასარგებლოდ დაამთავრებდა. ეს არ გავაკეთე. 2003 წლის არჩევნები იყო კანონიერი, მაგრამ უღირსი საქციელი იქნებოდა ჩემგან.  ასეთი რამ გადამიტანია, მარტო სხვებს არ მოვუწოდებ, ჩემს თავზე მაქვს გადატანილი. ”

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. ეს ინფორმაცია პროკურატურამ 21 მარტს გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი