ახალი ამბები

ცესკოში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა

21 მარტი, 2016 • 1867
ცესკოში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა

ინტერესთა კონფლიქტი, შრომის ანაზღაურებისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომა, სახსრების არაეკონომიურად ხარჯვა, არასრულყოფილი სახელმწიფო შესყიდვები, – ეს ის შენიშვნებია ცესკოს მიმართ, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, მან 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის სამსახურმა ანგარიში  პირველად 2015 წლის დეკემებრში გამოაქვყენა, თუმცა ანგარიში მასში შეტანილი ცვლილებებით 21 მარტს დაამტკიცა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეები იმავდროულად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნებს, ხოლო საოლქო კომისიების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო – ინტერესთა კონფლიქტის- ფაქტებს, აღნიშნავს აუდიტის სამსახური.

“გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი, რომელთან დაკავშრებითაც მასალები გადაგზავნილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გადავგზავნეთ მასალები მთავარ პროკურატურაში, შემდეგ ისინი განიხილავენ და დეტალებს იმათგან შევიტყობთ”, – განუცხადა ტელეკომაპანია “იმედს” აუდიტის სამსაზურის აუდიტორმა ნანა ვაჩაძემ.

ცესკოში აცხადებენ, რომ 2015 წლის დეკემბერში, აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ცესკოს შიდა აუდიტის სამსახურმა ფაქტების მოკლევა დაიწყო.

კომისიის განმარტებით, საუბარია 2 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეებზე, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების შედეგად გამარჯვებულთან ჰქონდათ ინტერესთა კონფლიქტი.

“აუდიტის სამსახურის საფუძელზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურმა მოკვლევა განახორციელა. მოძიებულ ფაქტებზე დაყრდნობით ამ ადამიანებს დაუდგინდათ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. არაჯეროვნად შესრულების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ ადამიანებს დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა”, – აცხადებენ ცესკოში.

ცესკოს განმარტებით, საარჩევნო პერიოდში შესყიდვას ახორციელებდა საოლქო საარჩევნო კომისია და მაში ჩართული არ ყოფილა ცენტრალური საარჩევნო კომისია.

აუდიტის სამსახურის ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ ცესკოს შესყიდვების დაგეგმვა ხორციელდებოდა არასრულყოფილად, მიწოდების ბაზრის კვლევისა და არსებული მარაგების გათვალისწინების გარეშე, რის გამოც შესყიდვების წლიური გეგმები არ ეფუძნება რეალურ მონაცემებს.

ანგარიშის მიხედვით, ცესკოს ხელმძღვანელობა არ ატარებდა ქმედით ღონისძიებებს შესყიდვების განხორციელების გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, რითაც იქმნებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის გამოყენების ხელოვნური საფუძველი.

ანგარიშში წერია, რომ შესწავლილ პერიოდში საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, ცესკოს არ ჩაუტარებია სათანადო ღონისძიებები პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენის, ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.

აუდიტის ცნობით, 2013-2014 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკოს დამატებით 6,388.0 ათასი და 4,770.2 ათასი ლარი გამოუყვეს, თუმცა აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება აღნიშნული ოდენობით დამატებითი თანხების მოთხოვნისა და გამოყოფის აუცილებლობის თაობაზე.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013-2014 წლებში შრომის ანაზღაურების განსაზღვრისას არ არსებობდა ერთიანი მიდგომა, განსხვავებული იყო სხვადასხვა საოლქო კომისიების მიერ ერთი და იმავე სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულებების ვადა სცდებოდა საარჩევნო პერიოდს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საოლქო კომისიები საწვავს არაეკონომიურად, არამიზნობრივად და დაუსაბუთებლად ხარჯვდნენ. რაც შეეხება კავშირგაბმულობის ხარჯებს, აუდიტის სამსახურმა მათ შესახებ ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, წერს აუდიტი.

საოლქო კომისიებმა შეიძინეს ისეთი ღირებულებისა და დასახელების საქონელი, რომელთა შესყიდვაც, აუდიტის ჯგუფის აზრით, არ გამომდინარეობდა არჩევნების ჩატარების საჭიროებიდან, ხოლო ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხორციელდებოდა არასაარჩევნო პერიოდში, რითაც დაირღვა საარჩევნო კოდექსის და ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებების მოთხოვნები.

აუდიტის სამსახურმა აღნიშნა ისიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო უბნის განსათავსებლად შენობა-ნაგებობებს ქირაობდნენ სხვადასხვა პირისგან, მაშინ, როდესაც მათ უფლება ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობებისგან უსასყიდლოდ მიეღოთ შენობა-ნაგებობები. არასათანადო კონტროლის გამო საოლქო კომისიებში ადგილი ჰქონდა როგორც მატერიალური მარაგების არაეკონომიურად ხარჯვის, აგრეთვე მათი აღურიცხაობის ფაქტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი