ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტის განცხადებით გაოცებულია

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გაოცებულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი კომენტარებით პირადად მისი მისამართით და 16 მარტის პრაღის შეხვედრის შესახებ. ამ საკითხზე აბაშიძემ დღეს, 21 მარტს გამართლ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“რაც შეეხება პრეზიდენტის გუშინდელ კომენტარს 16 მარტს პრაღაში გამართული შეხვედრის და პირადად ჩემი მისამართით. მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი.

სანამ პრაღაში წავიდოდი, რამდენიმე დღით ადრე შევხვდი პრეზიდენტის მრჩეველს, რომელთანაც დეტალურად გავიარე ყველა საკითხი, რომლის განხილვასაც პრაღაში ვაპირებდი. გუშინწინ, პრაღიდან დაბრუნებისთანავე დავიწყე შეხვედრები. პირველ რიგში, ცხადია, პრემიერს შევხვდი, შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, უახლოეს მომავალში შევეცდები პრეზიდენტის მრჩეველთან და თვითონ პრეზიდენტთან შეხვედრას, თუ მას ამის სურვილი აქვს.

[შეხვედრის შესახებ] სრული წერილობითი ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და უშიშროების საბჭოს. ამიტომ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრასა და კერძოდ ბატონ კარასინის ცნობილ განცხადებაზე საუბრისას ბატონი პრეზიდენტი დაეყრდნო არა საქართველოს დელეგაციის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს.

მას ან მის წარმომადგენლებს, რომ ჩვენი ინფორმაციისათვის მოესმინათ, მე მათ ავუხსნიდი, რომ როდესაც კარასინმა პრაღაში თავისი ცნობილი განცხადებები გააკეთა შეხვედრის დაწყებამდე, მაშინ მე იმ ადგილას ფიზიკურად არ ვიმყოფებოდი და ამ განცხადებების შესახებ მოგვიანებით შევიტყვე. ამგვარად, არ მქონდა საშუალება, რომ რუსი კოლეგისათვის მყისიერად გამეცა პასუხი. თუ რა ვისაუბრეთ ჩვენ ორმხრივ შეხვედრაზე, რა პასუხი გავეცი მას, ან რა კომენტარი გაკეთდა ჩემი მხრიდან, ეს მოხსენებით ბარათში დეტალურად არის ასახული და სიტყვიერადაც შემეძლო მომეხსენებინა”, – ამბობს აბაშიძე.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, კარასინის ადგილას რომ ყოფილიყო, ალბათ ასე არ მოიქცეოდა და ამგვარი განცხადების გაკეთებას კოლეგის თანდასწრებით არჩევდა.

“ამის თაობაზე მე აუცილებლად მექნება საუბარი. პრაღის შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩამოსვლისთანავე დილით ადრე მე აეროპორტშივე გავაკეთე განაცხადება და ვთქვი: ჩვენ ვერავის ავუკრძალვათ საქართველოში რუსეთის პოლიტიკის კრიტიკას, რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს ეს კრიტიკა. ჩვენ მზად ვართ კრიტიკის მოსასმენად. ოღონდ ეს ყველაფერი კორექტულობის ფარგლებში უნდა ხდებოდეს და შეურაცხმყოფელი არ  იყოს. დიალოგის შეწყვეტა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, გაზრდის მათ რაოდენობასა და მასშტაბებს. რუსეთთან დიალოგის წარმოება ხდებოდა და ხდება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვითა და არანაირი კომპრომისი ამის ხარჯზე არ მოხდება. ამას ადგილი არ ჰქონია და არ ექნება. სამწუხაროა, რომ ბატონ პრეზიდენტს სრული ინფორამცია არ მიაწოდეს ან არ ისურვეს მიეწოდებინათ, სანამ გუშინდელი განცხადება გაკეთებოდა”, – თქვა აბაშიძემ.

“მე რომ მყავდეს წარმომადგენელი პრაღის ფორმატის მოლაპარაკებებში, ის კარასინს სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და მასთან სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა,” – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ზურაბ აბაშიძის კომენტარს. პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის ეთერში ვრცლად ისაუბრა საქართველო-რუსეთის წარმომადგენელთა შორის პრაღის ფორმატის მოლაპარაკებების შესახებ.

“გრიგორი კარასინს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ. იმიტომ, რომ გრიგორი კარასინის მოპასუხე პრაღის ფორმატში არის ზურაბ აბაშიძე. ბატონი აბაშიძის მხრიდან როგორც მოვისმინეთ, იქ ამ საკითხებზე არ ყოფილა საუბარი, არც მედიასთან გაკეთებულა განცხადება, არც თურმე შეხვედრაზე იმავე თემების დაფიქსირების დროს. ამასთან ერთად, ბატონი აბაშიძის კომენტარი მოვისმინეთ. პირიქით, ქართულ მხარეს დაგვარიგა, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. მე არ მგონია, რომ პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია და მე ამაზე წელიწადნახევრის წინ ვლაპარაკობდი. რამდენადაც ჩვენ, საზოგადოებამ ვიცით, პრაღის ფორმატი არის ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე სასაუბრო ფორმატი და, შესაბამისად, დასაზუსტებელია უფრო მკვეთრი გაწერით, რომ იქ პოლიტიკურ თემებზე და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს რიტორიკა ქართული მხარის, იქ ამაზე საუბარი არ უნდა მიმდინარეობდეს,”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მარგველაშვილის თქმით, პრაღის ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა:

“პრაღის ფორმატს უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი. პრაღის ფორმატი მნიშვნელოვანია. რუსეთთან ურთიერთობის რაციონალურ ჭრილში გადაყვანის ჩვენს სტრატეგიულ კურსს ვერ შეცვლის ამა თუ იმ პოლიტიკოსის მძაფრი განცხადებები. მაგრამ ამ სტრატეგიული კურსის უკან დგას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები, ამ სტრატეგიული კურსის შინაარსი უნდა იყოს, რომ საქართველოს რუსეთს უნდა ელაპარაკებოდეს უკიდურესად მშვიდი ტონით,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საუბარში საქართველოსთან ურთიერთობებზე განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია.

რის საპასუხოდაც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ “თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com