ახალი ამბები

უვადო პატიმრობაზე ბერძენიშვილი პატრიარქის წუხილს იზიარებს

21 მარტი, 2016 • 1217
უვადო პატიმრობაზე ბერძენიშვილი პატრიარქის წუხილს იზიარებს

პარლამენტის ევროპასთან იტეგრაციის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი  უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით პატრიარქის წუხილს იზიარებს. ამის შესახებ მან 21 მარტს “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა:

“როგორც ყოფილმა პატიმარმა, შემიძლია გავიზიარო ის წუხილი, რომელიც აქვს საქართველოს პატრიარქს, მაგრამ ეს არ არის კვალიფიციური პასუხი, ეს ემოციური პასუხია. მეც მეჩვენება, რომ უვადო პატიმრობა განსაკუთრებულად სასტიკია.”

დეპუტატის აზრით, სჯობს სასჯელი 300 წელი იყოს და არა უვადო:

“მესმის, რომ ეს განსაკუთებულ შემთხვევებში გამოიყენება, მაგრამ მე მირჩევნია, მაგალითად, 300 წელი იყოს, ვიდრე უვადო, მიუხედავად იმისა, რომ 300 წელი თითქოს უვადოზე ნაკლები არ არის, მაგრამ მაინც  ვიღაცას შანსს უტოვებს განახევრების, კიდევ ერთხელ განახევრების, კიდევ ერთხელ და რაღაც იმედს ტოვებს.”

ბერძენიშვილის თქმით, ეს იურისტის შეფასება არაა და უფრო კვალიფიციური ხალხის მოსმენაა საჭირო:

“მე გაცილებით უფრო კვალიფიციურ ხალხს მოვუსმენდი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც საკუთარ პარტიაში. სიამოვნებით მოვუსმენ ექსპერტებს. არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი ფრაქციის დამოკიდებულება. პირადი განწყობა გითხარით – მესმის ჩვენი პატრიარქის წუხილის, ვინაიდან ეს წუხილი მეც მქონია.”

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის შესახებ კანონის გადახედვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ასეთ მსჯავრდებულებს ოჯახებში დაბრუნების იმედი დაკარგული აქვთ.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერი არ არის ფიზიკურ სამყაროში. უვადო მხოლოდ ღმერთია. ესა თუ ის პატიმარი დადგა გამოსწორების გზაზე. შესაძლებელია, რომ პატიმრობა უვადო კი არ იყოს, არამედ რაღაც გარკვეული ვადა ჰქონდეს, რომ იმედი მიეცეს მას, რომ ოდესმე გამოვა,” – განაცხადა ილია მეორემ 20 მარტს, საკვირაო ქადაგებისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი