ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ზურაბ აბაშიძეს აკრიტიკებს

20 მარტი, 2016 • 2266
გიორგი მარგველაშვილი ზურაბ აბაშიძეს აკრიტიკებს

“მე რომ მყავდეს წარმომადგენელი პრაღის ფორმატის მოლაპარაკებებში, ის კარასინს სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და მასთან სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა,” – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ზურაბ აბაშიძის კომენტარს. პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის ეთერში ვრცლად ისაუბრა საქართველო-რუსეთის წარმომადგენელთა შორის პრაღის ფორმატის მოლაპარაკებების შესახებ.

“გრიგორი კარასინს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ. იმიტომ, რომ გრიგორი კარასინის მოპასუხე პრაღის ფორმატში არის ზურაბ აბაშიძე. ბატონი აბაშიძის მხრიდან როგორც მოვისმინეთ, იქ ამ საკითხებზე არ ყოფილა საუბარი, არც მედიასთან გაკეთებულა განცხადება, არც თურმე შეხვედრაზე იმავე თემების დაფიქსირების დროს. ამასთან ერთად, ბატონი აბაშიძის კომენტარი მოვისმინეთ. პირიქით, ქართულ მხარეს დაგვარიგა, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. მე არ მგონია, რომ პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია და მე ამაზე წელიწადნახევრის წინ ვლაპარაკობდი. რამდენადაც ჩვენ, საზოგადოებამ ვიცით, პრაღის ფორმატი არის ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე სასაუბრო ფორმატი და, შესაბამისად, დასაზუსტებელია უფრო მკვეთრი გაწერით, რომ იქ პოლიტიკურ თემებზე და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს რიტორიკა ქართული მხარის, იქ ამაზე საუბარი არ უნდა მიმდინარეობდეს,”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მარგველაშვილის თქმით, პრაღის ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა:

“პრაღის ფორმატს უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი. პრაღის ფორმატი მნიშვნელოვანია. რუსეთთან ურთიერთობის რაციონალურ ჭრილში გადაყვანის ჩვენს სტრატეგიულ კურსს ვერ შეცვლის ამა თუ იმ პოლიტიკოსის მძაფრი განცხადებები. მაგრამ ამ სტრატეგიული კურსის უკან დგას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები, ამ სტრატეგიული კურსის შინაარსი უნდა იყოს, რომ საქართველოს რუსეთს უნდა ელაპარაკებოდეს უკიდურესად მშვიდი ტონით,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საუბარში საქართველოსთან ურთიერთობებზე განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია.

რის საპასუხოდაც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ “თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი