ახალი ამბები

ბესელია: მოვითხოვ, რომ ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

18 მარტი, 2016 • 1283
ბესელია: მოვითხოვ, რომ  ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილის სისსხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ამის შესახებ მან პროკურატურის გამოძიების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა არ დადასტურდა:

“ეხლა უკვე უნდა დადგეს ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხი მის მიერ მიცემული ცრუ ჩვენებების გამო. მე ვაპირებ, რომ ეს საკითხი დავაყენო იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ, მათ პასუხი უნდა აგონ. ცრუ ჩვენებები, ცრუ განცხადებები, ცილისწამება, შეურაცხყოფა – მგონია, რომ მორალური ტერორის ნაწილია. მე მოვითხოვ მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას,”- ამბობს ბესელია.

დეპუტატის თქმით, პროკურატურის დასკვნა მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს:

“გამოძიებამ ძალიან დეტალური კვლევით დაადგინა, რომ ეს ადამიანი [ალეკო ელისაშვილი] მიზანმიმართულად ტყუოდა. მიზანმიმართულად იგონებდა ამ სიბუნძურეებს. ეს დასკვნა ჩემთვის არ არის, მე ეს ყველადერი ძალიან კარგად ვიცოდი ოთხი თვის წინ, როცა ელისაშვილმა ეს მიზანმიმართული კამპანია დაიწყო, მაგრამ ახლა ფაქტები დევს უკვე, რაზეც მან უნდა გააკეთოს განმარტება და გასცეს პასუხი, რატომ ატყუებდა საზოგადოებას.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაასრულეს გამოძიება ე.წ. კოკაინის საქმეზე ალეკო ელისაშვილის მიერ დასახელებული პოლიტიკოსების, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი