ახალი ამბები

ვოლსკი: მეჭიაურის განცხადება იყო არაკორექტული

18 მარტი, 2016 • 1403
ვოლსკი: მეჭიაურის განცხადება იყო არაკორექტული

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურის ჰომოფობიური განცხადება არაკორექტული და პოპულისტურია. ამის შესახებ მან ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა:

“ეს განცხადება იყო არაკორექტული.  ეს განცხადება უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს გააჩნია და არის ემოციურ ფონზე წამოძახილი, რომელიც არ ეკადრება მაღალ დონეზე მყოფ პოლიტიკოსს. არ არის ქვეყნისთვის საჭირო ასეთი განცხადებების კეთება ასეთ დროს. პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ სწორედ იმისკენ, რომ ზედმიწევნით ჩვენი არათუ მარტო კანონით, ტრადიციით დამკვიდრებული ტოლერანტობა, დათმობა, ურთიერთსიყვარული და კანონის უზენაესობა გავითავლისწინოთ, რა ლოზუნგით ,,ქართული ოცნება” მოვიდა და არის ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე ყველამ ეს უნდა გაითვალისწინოს და თავი დაანებოს პოპულისტური განცხადების გაკეთებას,”- აღნიშნავს გია ვოლსკი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე “იდენტობის” მიერ ქუთაისის პარლამენტთან დაგეგმილ აქციას ჰომოფობიური განცხადებებით გამოეხმაურნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება “იდენტობის” აქციასთან დაკავშირებით არაეთიკურია.

დეპუტატის მოსაზრებით, აუცილებელია პარლამენტმა პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსზე იმუშაოს.

დღეს, 18 მარტს, ქუთაისში, პარლამენტის სასახლესთან “იდენტობის” აქცია ლგბტ თემის დემონიზების შეწყვეტის მოთხოვნით გაიმართა.

“შეწყდეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ ამ თემის გამოყენება წინასაარჩევნოდ, როგორც  ხალხის მხარდაჭერის მოპოვების ინსტრუმენტი. არც ერთ ლგბტ ორგანიზაციას არ მოუთხოვია ქორწინების თანასწორობის ჩაწერა კონსტიტუციაში. წელს, არჩევნების პერიოდში ამ საკითხის დაყენება სწორი არ არის, ამას ვაპროტესტებთ ჩვენ,” – აღნიშნავს “იდენტობის” განათლების ოფიცერი ლადო ბიწაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი