ახალი ამბები

წულუკიანი: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც “ოდეერების” ხანა დაამთავრა ამ ქვეყანაში

17 მარტი, 2016 • 1533
წულუკიანი: ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც “ოდეერების” ხანა დაამთავრა ამ ქვეყანაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში “ოდეერების” ხანა დაამთავრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი პოზიტიური რეფორმების შედეგია.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა 17 მარტს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“სახელმწიფო უსაფრხოების სამსახური ყველა სახელმწიფოს სჭირდება, თუ ის სახელმწიფოა და აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების კვალდაკვალ გავყავით შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დღეს ცალკე სტრუქტრაა.  ის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე”.

წულუკიანი თვლის რომ სპეცალური უსაფრთხოების სამსახურის არსებული მოდელი ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან:

“მე ვთვლი, რომ ეს არის ის მოდელი, რომელიც ძალიან ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ირჩევს პარლამენტი, ანუ ხალხის წარმომადგენლები, და ის ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. მთლიანად ჩატარდა საკანონმდებლო რეფორმა და პრაქტიკაშიც ასევე.  ჩვენთან დღეს არიანუსაფრთხოების ოფიცრები მხოლოდ იმ კრიტიკული ობიექტების ფარგლებში,  სადაც შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოების თემები იქნეს კონცენტრირებული.  ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ოდეერების ხანა დაამთავრა ამ ქვეყანაში და მე ვთვლი, რომ დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოდელი არის იმ რეფორმის პოზიტიური შედეგი, რომელიც გატარდა”.

თუმცა იუსტიციის მინისტრი ასევე  დასძენს, რომ რეფორმები არა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არამედ სხვა ძალოვან სტრუქტურებშიც, პროკურატურაში,  ხელისუფლების სხვა შტოებში, მათ შორის სასამართლოში, გრძელდება.

ე.წ. “ოდეერების” თემა საქართველოში კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა, რომ თსუ-ში მუშაობს ე.წ. “ოდეერი”. სპეციალურმა უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა სტუდენტები და საზოგადოების ნაწილი აქტიურად ითხოვენ ამ თემის გამოძიებას, რადგან თვლიან, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში სპეციალური უსაფრთხოების წარმომადგენლის ადგილი არ არის.

იუსტიციის მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა სწორედ ამ თემის კონტექსტში დაუსვეს, თუმცა წულუკიანს თავის განცხადებაში უნივერსიტეტები არ უხსენებია და არ გამოუხატავს მისი პოზიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი