ახალი ამბები

დაკავებული ფოტოგრაფებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

8 ივლისი, 2011 • 1254
დაკავებული ფოტოგრაფებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

გიორგი აბდალაძის ადვოკატები მოდულის შენობიდან გამოდიან
გიორგი აბდალაძის ადვოკატები

დაკავებული ფოტოგრაფის გია აბდალაძის ჯანმრთელობა გაუარესდა. ამის თაობაზე ჟურნალისტებს აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მოდულის შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

ჩინჩალაძის თქმით, გამოძიებას აბდალაძისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებია. მას არც დაკავების ოქმის გაცნობის საშუალება მიეცა, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს ფოტოგრაფის დაკავების დრო, საიადანაც უნდა მოხდეს დაკავებიდან ბრალის წაყენებისთვის საჭირო 48 საათიანი ვადის ათვლა.

“ახლობლების მონათხრობზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრალის წაყენების ვადა საღამოს 3 საათზე იწურება,” – აცხადებს ჩინჩალაძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ არ არის გამორიცხული მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის წაუყენებლად გაათავისუფლონ.

“გია აბდალაძე ამბობს, რომ მას არანაირ საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა, შესაბამისად თავს უდანაშაულოდ ცნობს,” – აცხადებს რამაზ ჩინჩალაძე.

ამ წუთებში მოდულის შენობაში შესვლის ნებართვას ელოდება ევროპის პრესფოტო სააგენტოს რეპორიორის ზურაბ ქურციკის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც, ასევე, ამ დრომდე არ გაცნობია საქმის მასალებს. ბრალი ამ დრომდე არც ქურციკიძისთვის წაუყენებიათ და არც კიდევ ორი დაკავებული ფოტოგრაფისთვის – რამაზ და ნათია გედენიძეებისთვის.

შსს–ს ინფორმაციით, ოთხოვე ფოტოგრაფის დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით განხორციელდა, თუმცა გამოძიების სხვა დეტალები გასაიდუმლოებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი