ახალი ამბები

მეჭიაური: სასურველია, რუსეთთან ურთიერთობაში თანამდებობის პირებმა დესტრუქციული როლი არ შეასრულონ

16 მარტი, 2016 • 1153
მეჭიაური: სასურველია, რუსეთთან ურთიერთობაში თანამდებობის პირებმა დესტრუქციული როლი არ შეასრულონ

“რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ერთგვარი დათბობა მოხდა, ამ გზაზე ალბათ სასურველი იქნება, თუ ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში გარკვეული თანამდებობის პირები, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის, გარკვეულ დესტრუქციულ როლს არ შეასრულებენ,” – ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური გრიგორი კარასინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

დეპუტატი პოლიტიკოსების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს:

“ნებისმიერი პრეტენზია ჩვენი ქვეყნის თუ მისი ცალკეული პოლიტიკოსების მისამართით არ შეიძლება მე წავახალისო, განსაკუთრებით იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ოკუპირებული აქვს. თუმცა იმ პროცესის დროს, რომელიც განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, როცა ურთიერთობების ერთგვარი დათბობა მოხდა, ამ გზაზე ალბათ სასურველი იქნება, თუ ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში გარკვეული თანამდებობის პირები, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის, გარკვეულ დესტრუქციულ როლს არ შეასრულებენ.  მე თავს შევიკავებ პოლიტიკოსების გვარების და სახელების დასახელებისგან”, – განაცხადა მეჭიაურმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისივე სიტყვებით, საქართველომ დასავლეთისკენ ფრთხილად უნდა იაროს:

” რომ  არ გავაღიზიანოთ ჩვენთან ისედაც დაპირისპირებული ისეთი სახელმწიფოები, რომლებთან ურთიერთობის გაფუჭებას გაცილებით დიდი სახელმწიფოები ერიდებიან, მათ შორის ისეთები, რომლების იმედითაც ჩვენ იქ [რუსეთს] ვუჩხიკინებთ, ზოგიერთები უჩხიკინებენ. ასევე, პოზიტიურად ვაფასებ პრემიერის განცხადებას,” – აღნიშნავს მეჭიაური.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საუბარში საქართველოსთან ურთიერთობებზე განცხადება გააკეთა. კარასინი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია.

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად მინისტრების რიტორიკაზე საუბრისას ის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ასახელებს.

“ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტული და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში მსგავს განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი