ახალი ამბები

„ქართული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

7 ივლისი, 2011 • 1105
„ქართული პარტიის“ ლიდერები  დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

7 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი, პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი და პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი დოლაბერიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური მდივანი ჯოზანა მელონი , დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი სოფიკო ქაცარავა, გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი მატიას ბიქზი, პოლონეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი მასიეკ დაჩოვსკი და ევროკავშირის წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩეველი რენატა ვრობელი.

სოზარ სუბარის თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია «ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დევნის პროცესის კონკრეტულ გამოვლინებებზე, კერძოდ, – „ქართული პარტიის“ წევრებსა და მხარდამჭერებზე, აგრეთვე, მათ ნათესავებზე განხორციელებულ რეპრესიებსა და ტერორზე».

ლაპარაკი იყო მათ უკანონო დაკავებებზე, იარაღის ჩადებებსა და წამებაზე. არადა, თომას ჰამარბერგის გუშინ გამოქვეყნებულ მოხსენებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წამების არც ერთი ფაქტის გამოძიება არ მიმდინარეობს. საუბარი შეეხო დაცვის უფლების ხელყოფასაც, რაც გამოიხატება დაკავებულებთან მათი დამცველების არშეშვებაში ან იმაში, რომ წამების შედეგად აიძულებენ, უარი თქვან ადვოკატის აყვანაზე“, – განაცხადა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი