დაკავებული ფოტოგრაფების საქმე

თბილისში ოთხი ფოტოგრაფი დააპატიმრეს, რომელთაც შსს ჯაშუშობაში ადანაშაულებს.
დაკავებული ფოტოგრაფები
დაკავებული ფოტოგრაფები
თბილისში  ოთხი ფოტოგრაფი დააპატიმრეს, რომელთაც შსს  ჯაშუშობაში ადანაშაულებს. 

დაკავებული არიან ევროპის პრეს ფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე. ისინი გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს. 

კიდევ ერთი ფოტოგრაფი, “ასოშეიტედ პრესის” თანამშრომელი შაჰ აივაზოვი, რომელიც, ასევე, წაიყვანეს სამართალდაცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

პროკურატურას ბრალი მათთვის ჯერ არ წაუყენებია და სასამართლოს არ უმსჯელია აღკვეთის ღონისძიების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება.

დღის ბოლომდე ყველა დაკავებული მოინახულეს ადვოკატებმა. გიორგი აბდალაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებული შიმშილობს. დანარჩენი დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა ცნობები გამოძიების დეტალების შესახებ აღარ ვრცელდება, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104–ე მუხლის (გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა) თანახმად, გამოძიებამ დაავალდებულა ადვოკატები, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საიას წარმომადგენელი და ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი მიხეილ ღოღაძე განმარტავს, რომ მათ [ადვოკატებს] უფლება აღარ აქვთ საქმეში არსებული მასალები და დეტალური ცნობები დაკავებულის ოჯახის წევრებს გააცნონ.

ყველა ფოტოგრაფი 7 ივლისს, გამთენიისას დააკავეს. პირველი ცნობა ცნობილი ფოტოგრაფების დაკავების  შესახებ დილით ოჯახის წევრების და ახლობლებზე დაყრდნობით სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

ამის შემდეგ მოვლენების მთავარი ადგილი ვაჟა ფშაველას გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ე.წ. “მოდულის” შენობა იყო, რადგან სწორედ იქ იმყოფებოდნენ დაკავებული ფოტორეპორტიორები.

სწორედ “მოდულის” შენობიდან დაურეკეს დღის 10:00 საათზე პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის დედას მარინა ანდღულაძეს და უთხრეს, რომ დაკავებული არიან გია და ნათია გედენიძეები. “გაურკვევლობა არის”, – ასე მითხრეს, ამბობს ანდღულაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის მეუღლე ნესტან ნეიძე “მოდულის” შენობასთან ჟურნალისტებს დაკავების დეტალებს მოუყვა. მისი თქმით, აბდალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში მიწვეულ ფოტოგრაფად მუშაობდა და ასევე, თანამშრომლობდა გაზეთ “ალიასთან”.

“ვიცი, რომ ნატოს რაღაცა ღონისძიება იყო და იქ იყო გადაღებაზე. ღამის პირველ საათზე მოვიდა სახლში დიდი თაიგულით, დაბადების დღე მაქვს და ორ საათზე, სამის წუთებზე უკვე მოვიდნენ ისინიც.  შემოვიდნენ  სახლში, ჩატარდა ჩხრეკა – ყველანი გამოგვიყვანეს ოთახებიდან – დედაჩემი, მამაჩემი, ბავშვს ეძინა და დილის 6 საათამდე, ასე წვრილ–წვრილად ყველა ოთახში იყო ჩხრეკა. ამოიღეს მამაჩემის კუთვნილი ლეპტოპი, რაც კი კომპაქტ–დისკი იყო სახლში და გიას აპარატურა. წაიღეს ჩვენი კუთვნილი მობილურებიც, ანუ ოჯახის წევრების და ძირითადი აქცენტი იყო, რომ არსად არ დაგვერეკა”.  გიორგი აბდალაძის მეუღლე აცხადებს, რომ სამართალდაცავებს თავიდან მათთვის რაიმე განმარტება არ გაუკეთებიათ. “უბრალოდ, დედაჩემი და მამაჩემი რომ ჩაეკითხნენ, თუ ჰქონდათ, რაღაცა საბუთები წარმოედგინათ, წარმოგვიდგინეს ყველამ, უბრალოდ იმდენად ვნერვიულობდი, რომ  გვარ–სახელი არ წამიკითხავს. იქ ეწერა, რომ 314–ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებული არის და შემდეგ გეტყვითო, მოდულის შენობაში განგიმარტავენო. ჩვენთვის არ ყოფილა არანაირი განმარტება მოცემული, უბრალოდ გიას უთხრეს, იქ გაირკვევა ყველაფერიო…”

სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლი არის ჯაშუშობა, ამ მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს “უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის  საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან  სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება  მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო  ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის  შეგროვება ან გადაცემა.

ჯერჯერობით უცნობია ყველას ანალოგიური მუხლით წაუყენებს თუ არა ბრალს პროკურატურა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ბრალდებით სწორედ ეს უნდა ვივარაუდოთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  7 ივლისს, 13.00 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფები კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა:  “დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”.

დაკავებულთა უმრავლესობის ახლობლებმა არაფერი იცოდნენ მოსალოდნელი ბრალდების შესახებ. ევროპის პრესფოტოს სააგენტოს რეპორტიორის ზურაბ ქურციკიძის ახლობლები დილით ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში, მოგვიანებით კი “მოდულის” შენობაში ეძებდნენ დაკავებულს. პირველად ინფორმაცია სწორედ მისი დაკავების შესახებ გავრცელდა.   

არაფერი იცოდნენ საკუთარი რეპორტიორის დაკავების შესახებ ფრანკფურტშიც, ევროპის პრესფოტოს სააგენტოს სათაო ოფისში, სადაც “ნეტგაზეთს” უთხრეს,  რომ ქურციკიძე სამუშაოზე გამოცდილების მიხედვით აიყვანეს.  “ის მოსკოვის ოფისის მიერ იქნა დაქირავებული. რაც შეეხება ჯაშუშობის ბრალდებას, არის ხოლმე ასეთი სპეკულაციები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო აკავებენ ჟურნალისტებს და უმრავლეს შემთხვევაში ამბობენ, რომ ჯაშუშობენ, რადგან ვიღაც გაურბის კამერას, არ მოწონთ, რომ უღებენ და ა.შ.” – განუცხადეს ევროპის პრესფოტოს სააგენტოში “ნეტგაზეთს”. მათივე თქმით, ისინი შეეცდებიან ქურციკიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას სააგენტოს მოსკოვის ბიუროში, რომელიც ხელმძღვანელობს საკორესპონდენტო ქსელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. ევროპის პრესფოტოს სააგენტო დაარსებულია დასავლეთ ევროპის შვიდი უმსხვილესი ფოტოსააგენტოს მიერ. სააგენტო ეფუძნება დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და პასუხისმგებლობას.

ქურციკის ადვოკატ ნინო ანდრიაშვილისგან ცნობილი გახდა, რომ საქმის მასალების მიხედვით, დავა ეხება ქურციკის პროფესიულ საქმიანობას.

“მისი თქმით, ფოტოები, რომელსაც იგი იღებდა, გადაეცემოდა იმ კომპანიას, რომელსაც იგი ექვემდებარებოდა და რომელიც მდებარეობს მოსკოვში, თუმცა ცენტრი არის ფრანკფურტში. საუბარია ოფიციალური პირების ფოტოებზე, მათ შორის ქვეყნის პირველი პირის ფოტოებზე, თუმცა აღნიშნული ფოტოები, მისივე განმარტებით, გადაღებული იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის – გედენიძის მიერ, რომელიც არჩევდა ფოტოებს და გადასცემდა სხვადასხვა ფოტოგრაფებს სწორედ საჯაროდ გამოყენების მიზნით და მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე დანაშაულის ნიშნებს” – განაცხადა ანდრიაშვილმა.
ქურციკიძის სახლიდან ამოღებულია 9 000 ევრო.  ამჟამად მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, რომელიც საქმის მასალებზე ზემოთმოყვანილი გარემოებიდან გამომდინარე აღარ საუბრობს.

ადვოკატების და ჟურნალისტების გარდა, ვაჟა ფშაველას  გამზირზე მდებარე მოდულის შენობის წინ დღეს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლებიც მივიდნენ და ფოტორეპორტიორების გათავისუფლება მოითხოვეს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს:

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ფოტოგრაფები. ვფიქრობთ, რომ ისინი არიან უდანაშაულონი, ამავე დროს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს განმარტება, თუ რატომ მოხდა მათი დაკავება, მაგრამ პრინციპში ეს ჩვენ ბევრს არაფერს მოგვცემს იმიტომ, რომ ვიცნობთ ამ ფოტოკორესპონდენტებს, ვიცით ვინ არიან ისინი, მათ შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეთ ჯაშუშობასთან ან რაიმე დანაშაულთან.”

მათ “მოდულის” შენობასთან აქციაზე მიიტანეს პლაკატები “მიშა ლუკაშენკო”.

დღესვე ფოტოგრაფების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200–მდე ჟურნალისტს აერთიანებს. ქარტიამ მოითხოვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ განმარტოს ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზები და ოფიციალური საფუძველი. ასევე, მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ფოტორეპორტიორების დაკავების საქმით.

ამავე თემაზე:

ფოტოგრაფების დაკავება– განახლებადი რეჟიმი

EPA სააგენტო ქართველი რეპორტიორის დაკავებაზ

შსს ფოტოგრაფების დაკავების შესახებ

დაკავებული ფოტოგრაფები

პროკურატურა ფოტოგრაფების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

დაკავებულია რამდენიმე ცნობილი ფოტოგრაფი



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი