ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყნის უსაფრთხოება რეალურად არის მოშლილი

16 მარტი, 2016 • 1177
ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყნის უსაფრთხოება რეალურად არის მოშლილი

“ქვეყნის უსაფრთხოება რეალურად არის მოშლილი, დედა აღარ ჰყავს,”- ეს განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის” წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრისას გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგნად არ უდნა გამხდარიყო:

“ჩვენ ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკს ვხედავთ, რომლებიც ერთამენთს ადებენ ხელს. ერთი აბრალებს მეორეს, რომ  მის დროს ხდებოდა ასეთი ვიდეოების გადაღება, მეორე ამბობს, რომ ასეთი გადაღება მის დროსაც ხდება და ასევე ხდება ამ ვიდეოების  გამოქვეყნება. საბოლოო ჯამში, ეს თემა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა, სადაც ორი პოლიტიკური ძალა ერთამენთის მაქსიმალურად გაშავებას ცდილობს. ცოტა ვინმე თუ საუბრობს იმის შესახებ, რამხელა საფრთხეა ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის.”

მისივე თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ეს ჩანაწერები რუსული სპეცსამსახურების ხელში იყოს მოხვედრილი:

“არსებობს თუ არა იმის მაღალი ალბათობა, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერები არსებობდეს აბსოლუტურად ყველაზე, ვინც ამ ქვეყნაში ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკას გაკარებია? მგონია, რომ არსებობს.  არსებობს თუ არა საკმარისად მაღალი ალბათობა იმისა, რომ ეს ჩანაწერები უკვე დიდი ხნის განმავლობაში რუსული სპეცსამსახურების ხელში იყოს მოხვედრილი? სავარაუდოდ, ასეთი მაღალი ალბათობა არსებობს. არსებობს თუ არა მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქართველოში წელს, მომავალ წელს, ხუთი წლის შემდეგ, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომლის შესახებაც ასეთი ჩანაწერები არსებობს და ეს ჩანაწერები შეიძლება იყოს ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურების ხელში? სამწუხაროდ, ამის ალბათობა არის ძალიან მაღალი. მწარე რეალობა არის ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება რეალურად არის მოშლილი,  რეალურად დედა აღარა ჰყავს. ამ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ორივე ფლანგზე. რა ეკონომიკა უნდა განვითარდეს ქვეყანაში, როცა ამ მხრივ არის სრული ბარდაგი”, – განაცხადა ჯაფარიძემ. ”

დეპუტატის განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღებების პოვნა რთული არ არის:

“უნდ დადგეს კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ვიდეოები ჰაერიდან ხომ არ გაჩენილა? არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ ვიდეოებს იღებდნენ, კამერებს სადღაც ამონტაჟებდნენ, იყო ტექნიკურად აღჭურვილი განყოფილებები, რომ ასეთი რაღაცებს აკეთებდნენ. ასეთი რაღაცების გაკეთება ხომ რიგით ადამიანს არ შეუძლია?! – ამას სჭირდება სპეციალური აღჭურვა. რატომ გახდა პრობლემა ამ ადამიანების პოვნა და მათი დასჯა?! რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს ასეთი საქმების გამოძიებას?! მესმის, რომ ამტვირთავის პოვნა შეიძლება იყოს ძალიან რთული და ამისთვის საჭირო იყოს დასავლეთის ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურების ჩართვა, მაგრამ როგორ შეიძლება ვერ ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ განყოფილებებში მუშაობდნენ, ჰქონდათ ტექნიკური აღჭურვილობა და იღებდნენ კონკტერულ დავალებებს.

” ეს არის კონკრეტული პრობლემა, რომელიც კონკრეტული ოჯახებისთვის ენით აღუწერელი ტრაგედია და ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია,”- აცხადებს ჯაფარიძე.

11 მარტს გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან ერთად შეიცავდა მუქარას და შანტაჟს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისადმი, რომ თუ ისინი 31 მარტამდე არ დატოვებდნენ თანამდებობებს, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიც გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი