ახალი ამბები

პრემიერი: რუსმა პოლიტიკოსებმა ალბათ პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება

16 მარტი, 2016 • 1140
პრემიერი: რუსმა პოლიტიკოსებმა ალბათ პირველ რიგში საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის სრული ნორმალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობით უნდა მოხდეს.

“საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას რუსმა პოლიტიკოსებმა ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია. თუმცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია. თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელ რეჟიმშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი,”- განაცხადა პერმიერმა.

“დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში და საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური პირებისგან, პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან და პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ჩვენ, ბუნებრივია, ამას ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ან კონფრონტაციას უნდა დავუბრუნდეთ, ან ეტაპობრივად უნდა დავუბრუნდეთ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობას და სწორედ ამ კონტექტსში გადავწყვიტოთ ორმხრივი საკითხები”, – განაცხადა  კარასინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი