ახალი ამბები

კოალიცია ევროპული საქართველოსთვის რელიგიური ორგანიზაციებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას დადებითად აფასებს

6 ივლისი, 2011 • • 1183
კოალიცია ევროპული საქართველოსთვის რელიგიური ორგანიზაციებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას დადებითად აფასებს

კოალიცია ევროპული საქართველოსთვის „გაოცებულია სამოქალაქო სექტორის დუმილით“ და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია პარლამენტის მიერ რელიგიური ორგანიზაციებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

“საქართველოში მოქმედი  რელიგიური კონფესიებისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებით გადაიდგა დიდი ნაბიჯი წინ საქართველოში სინდისის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების გამყარების გზაზე.  გაირღვა ხელოვნურად თავსმოხვეული კიდევ ერთი  ბარიერი ჩვენსა და თანამედროვე სამყაროს შორის,“ – წერია კოალიციის მიერ დღეს, 6 ივლისს, გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიციას ევროპული საქართველოსთვის მიაჩნია, რომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოში დამკვიდრებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მშვიდობიან თანაცხოვრებას  და წინ აღუდგება რელიგიური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების გაყოფის მცდელობას.  „სიტყვით მრავალგზის დადასტურებულ ქართულ შემწყნარებლობას ამიერიდან  კანონიც გაამაგრებს,“ – მიიჩნებევენ კოალიცის წევრები.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას, “აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი” და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ დებატებში.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო კვლავ გადაიქცევა ადგილად, სადაც ერთნაირად იგრძნობს თავს ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანი, მართლმადიდებელი  თუ იუდეველი, კათოლიკე თუ მუსლიმი, იეზიდი, ბაპტისტი თუ ევანგელისტი, ყველა ერთნაირად იქნება დაცული საქართველოს სახელმწიფოს მიერ,“ – აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი